რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი 8 წლის განმავლობაში მფარველობდა ოფიციალური კიევის სურვილს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაზე და საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ უბიძგებდა.
სერგეი ლავროვმა ეს განცხადება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას გააკეთა.
„დასავლური ქვეყნები ფაქტობრივად მთელი ბოლო რვა წლის განმავლობაში მფარველობდნენ უკრაინული რეჟიმების სურვილს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაზე. უბიძგებდნენ დონბასის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ და თავად კიევი ემზადებოდა დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ ომისთვის, როგორც ახლა 100%-ით ვიცით ჩვენი სამხედროების ხელში ჩავარდნილი უკრაინის შეიარაღებული ფორმირებებისა და ე.წ. ნაციონალური ბატალიონების შიდა დოკუმენტებიდან“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, დასავლეთი ცდილობს, თავისი „ვიწრო ეგოისტური ამოცანები“ სხვა ქვეყნების ინტერესების საზიანოდ გადაჭრას და რუსეთის ყველა ფრონტზე შეკავება ამ კურსის ნაწილია.
„ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს მსოფლიოში სერიოზულად გამწვავებული სიტუაციის ფონზე და ეს განპირობებულია კოლექტიური დასავლეთის აგრესიული ხაზით, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს. ის ცდილობს აღადგინოს და სამუდამოდ გაამყაროს საკუთარი დომინირება საერთაშორისო საკითხებში, რათა შემდგომ განახორციელოს საკუთარი ეგოისტური მიზნები საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრების ეროვნული ინტერესების საზიანოდ და მათ ხარჯზე“, – განაცხადა ლავროვმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას.
როგორც ლავროვი ამბობს, დასავლეთის აგრესიული ხაზის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია დასავლეთის გრძელვადიანი პოლიტიკა რუსეთის ყოვლისმომცველი სისტემური შეკავების თაობაზე, რასაც ეწოდება – „ყველა ფრონტზე“.
„ამ რუსოფობიური კურსის კულმინაციაა ვაშინგტონისა და ბრიუსელის უპირობო მხარდაჭერა რადიკალური ნაციონალისტური კიევის რეჟიმისადმი“, – დაამატა ლავროვმა.