„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრას „შულავერის კომიტეტის შეკრება“ უწოდა. მისი თქმით, ტრენინგის სახელწოდებიდან გამომდინარე, ნათელია რას ეხებოდა ღონისძიება.
„ღონისძიების სათაური იყო „როგორ დავასრულოთ ტირანია“ შესაბამისად ნათელია, რას ეხებოდა ეს შეკრება. ეხებოდა ხელისუფლების გადატრიალებას, რაც ვერ მოხერხდა სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ და მოგვიანებითაც. ახლა ამაზე ისინი მსჯელობენ. ეს იყო ამ ღონისძიების შინაარსი. რატომ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ე.წ. ენჯეოები და ე.წ. ტელევიზიები ერთად წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე, ესეც ძალიან საინტერესოა. ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუმცა ჩვენ პასუხები დღემდე არ მოგვისმენია. ამ ღონისძიების მონაწილეები გაურბიან ყველა შეკითხვას, რომელიც მის შინაარსს უკავშირდება. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა იყო ეს შინაარსი. მეტი ინფორმაციის მიწოდებაც შეგვიძლია საზოგადოებისთვის. ეს იყო რეალურად „შულავერის კომიტეტის შეკრება“, რომლის მიზანიც ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალებაა. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან თავის მართლება საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.