„უკრაინისთვის ვლადიმირ პუტინის სიკვდილი სასარგებლო არ იქნება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა იუთუბ-არხ „ცენტრზე“ ინტერვიუში განაცხადა. არესტოვიჩის თქმით, პუტინის სიკვდილი მრავალპარტიული, ლიბერალური რუსეთის ჩამოყალიბებას განაპირობებს, რომლისთვისაც კონკურენციის გაწევა ძალიან ძნელი იქნება.
„ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტია, თუ პუტინი კიდევ ცოტა ხანს იცოცხლებს და უბრალოდ სანქციებით განადგურდება. როცა უკრაინელები პუტინის სიკვდილს ნატრობენ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუმცა, უკრაინისთვის პუტინის სიცოცხლე ბევრად უფრო მომგებიანი ვარიანტია, ვიდრე მის ნაცვლად სხვა ძალების მოსვლა.
ახლა პუტინის მოშორების (სიკვდილის, ჩამოგდების, საკუთარი ნებით წასვლის თუ სხვა მიზეზით) შემთხვევაში მოვლენ ლიბერალები, რომლებიც დასავლეთთან შეთანხმებას მიაღწევენ. ომამდე რომ მოეცილებინათ პუტინი, ხელისუფლებაში აღმოჩნდებოდა უფრო შეშლილი ხალხი, შოიგუს მსგავსი, და გვექნებოდა დაახლოებით წელიწადნახევარი ნამდვილი რუსული ფაშიზმი, რომელიც ნამდვილად გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს. მაგრამ ამ ომის შედეგად ეს პარტია გაცამტვერდა. არის ოლიგარქების ჯგუფი, რომელიც სანქციების გამო ძალიან შეწუხდა და შეეცდებიან შეთანხმებას. და ალბათ მიაღწევენ ნავალნის გათავისუფლებას. ხელისუფლებაში ნავალნის თუ სხვა მსგავსის მოსვლა უკრაინისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია. ისინი მართლა მრავალპარტიულ ხელისუფლებას შექმნიან, პარლამენტი იმუშავებს, იქნება თავისუფალი მედია, ანუ გარეგნულად იქნება დემოკრატიის ყველა ნიშანი. დასავლეთს სურს შეთანხმება. რუსეთს სანქციები მოეხსნება, მათ შორის ტექნოლოგიების განვითარების კუთხით და ისინი ჩაერთვებიან მსოფლიო წარმოებაში. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, კონკურენცია გაუწიონ დასავლეთის სხვა ქვეყნებს და გახდნენ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი.
დასავლეთი ტაშს დაუკრავს ამას, რადგან დაინახავს სიტუაციის ნორმალიზების ყველა ფორმალურ ნიშანს. ლიბერალურ რუსეთთან, რომელიც ძალას მოიკრებს ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული ექსპანსიის შედეგად, დაპირისპირება გაგვიჭირდება. ეს ჩვენთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, ჩვენთვის უკეთესია, პუტინი დარჩეს და სანქციებმა საბოლოოდ გაანადგურონ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.