„თუ რომელიმე დეპუტატი ამ ქვეყნის მოღალატეა, რას უსხედან მას გვერდით? წინა დელეგაციებში რას დადიოდნენ? გიჟებივით რომ დარბოდნენ, ოღონდ რომელიმე დელეგაციაში ჩაეწერონ და ახალი ქვეყანა მოინახულონ. დელეგაციები მათ წარმოუდგენიათ ე.წ. პაეზდკებად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში კონსულტაციებზე „ნაცმოძრაობას“ სხვა მიზეზი არ დაუსახელებია, გარდა იმისა, რომ რაოდენობა იყო პრობლემა. სხვა პრეტენზია არ ჰქონდათ. დღეს, როდესაც მათ ეს სალაპარაკოც მოვუსპეთ, „ნაცმოძრაობამ“ მოიგონა ახალი მიზეზი. თუ რომელიმე მათგანს მართლა სჯერა, რომ პარლამენტის დარბაზში პრორუსული წარმოდგენების თუნდაც ერთი ადამიანი ზის, მაშინ რაღაც სხედან აქ საერთოდ და რას აკეთებენ? თუ რომელიმე დეპუტატი ამ ქვეყნის მოღალატეა, რას უსხედან მას გვერდით? წინა დელეგაციებში რას დადიოდნენ? გიჟებივით რომ დარბოდნენ, ოღონდ რომელიმე დელეგაციაში ჩაეწერონ და ახალი ქვეყანა მოინახულონ. დელეგაციები მათ წარმოუდგენიათ ე.წ. პაეზდკებად - ასე ეძახიან. ეს მათივე შავი პიარი ახლა უკან უბრუნდებათ და ვერ ეგუებიან. რაოდენობა იყო პრობლემა? ესეც აღარაა. სალაპარაკო საერთოდ გავუქრეთ და მაინც გამოჩნდა მათი რეალური სახე“, - განაცხადა მდინარაძემ.