logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძემ საქართველოს მთავრობასა და საქართველოში აშშ ელჩს კელი დეგნანს მიმართა
- +

14 აპრილი. 2022. 18:49

 

 

„მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ორკესტრირებული მოქმედებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი ქვეყნის ომის პოლიგონად გადაქცევა, აშკარაა რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზედაც მეტყველებს ბაკურიანში თანამედროვე რევკომის შეკრება“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ.

 

ამ საკითხზე მან საქართველოს მთავრობას და საქართველოში ამერიკის ელჩს მიმართა.

 

„ჩვენ გვაქვს კითხვები ხელისუფლებასთან: რატომ აძლევენ საქართველოში შემოსვლის უფლებას გავრილოვს, აკერმანს თუ დექსტრუქციის მატარებელ სხვა პირებს? ჩვენ გვაქვს კითხვები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან: იცის თუ არა მან ბატონი პიტერ აკერმანის საქართველოში ვიზიტის შესახებ და როგორც ჩვენი მეგობარი , რას ეტყვის ქართულ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით?“ - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის -„არ აგარევინებთ!“ დაწყება დააანონსა.

 

მისივე თქმით, ეს იქნება მოძრაობა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა.

 

„კეთილგონიერება, ზომიერება და პრაგმატიზმი - აი, რა გვჭირდება დღეს და არა ფსევდოპატრიოტიზმით გაჯერებული ხმამაღალი განცხადებები! ვრჩებით რა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის ერთგულები და სოლიდარულები ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისადმი, მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალებას“, - აღნიშნა საზოგადოებრივი მოძრაობის „არ აგარევინებთ!“ დაფუძნების ინიციატორმა გია გაჩეჩილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner