logo_geo
eng_logo
განათლების მინისტრის მოადგილე თსუ-ს რექტორის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
- +

11 აგვისტო. 2016. 00:39



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას  აპირებს.


ამის შესახებ 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი.


2030.news-ი ინფორმაციის გადასამოწმებლად გია შარვაშიძეს დაუკავშირდა.


როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა თსუ-ს რექტორის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.


თსუ-ს რექტორის არჩევნები 23 სექტემბრისთვის არის დანიშნული.  კანდიდატების რეგისტრაცია 9-14 სექტემბერს შედგება.


გია შარვაშიძე დაიბადა 1963 წელს თბილისში. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოოგიის ფაკულტეტი. აქვს დოქტორის ხარისხი განათლების მართვაში.


გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის შვედეთის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტში, UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში - IIEP (პარიზი, საფრანგეთი) და მსოფლიო ბანკის ინსტიტუტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 10 წლის განმავლობაში ასწავლიდა მეექვსე საავტორო სკოლაში. მუშაობდა გაცვლით მასწავლებლად სამხრეთ მილუოქის უმაღლეს სკოლაში (ვისკონსის შტატი, ამერიკის შეერთებულ შტატები).


იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამჟამად იმავე უნივერსიტეტში კითხულობს კურსს უმაღლესი განათლების პოლიტიკაში. 9 წლის განმავლობაში იყო აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი (ბუდაპეშტი, უნგრეთი), რომელიც 20-მდე ქვეყანაში ხორციელდებოდა, მათ შორის საქართველოში. პროგრამა ეხმარებოდა ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, დაეწყოთ პროფესიული კარიერა სამშობლოში და დასაქმებულიყვნენ პროფესიით უნივერსიტეტებში. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსი მთავარ ინსპექტორად, საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად, მინისტრის მოადგილედ, მინისტრის პირველ მოადგილედ, იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი. ამჟამად არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. გამოცემული აქვს მონოგრაფია კერძო უმაღლეს განათლებაზე საქართველოში, რომელიც დაიბეჭდა პარიზში, UNESCO-ს მიერ. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არის ევროკავშირის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE). ასევე, სხვადასხვა დროს იყო ევროპის საბჭოს, UNESCO-ს და ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების ექსპერტი.


ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner