logo_geo
eng_logo
15 აპრილს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდება კონფერენცია თემაზე „სოციალური საწარმოების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში“
- +

14 აპრილი. 2022. 22:42

 

 

15 აპრილს, ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) ინიციატივის მხარდაჭერით, პროექტის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ (SEAG) ფარგლებში, ჩატარდება კონფერენცია თემაზე: „სოციალური საწარმოების განვითარებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის შექმნა საქართველოში“.

კონფერენცია ორგანიზებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ისა და საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის (ABCO Georgia) მიერ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ევროკავშირის დელეგაციის, ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საბანკო სფეროს, კვლევითი ორგანიზაციების, საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.

კონფერენცია საკმაოდ მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული მხარეებისთვის. კონფერენციაზე წარადგენენ SEAG პროექტის ფარგლებში შექმნილი ბიზნეს ინკუბატორი და ბიზნეს აქსელერატორი, რომლებიც უნიკალურ შანსს აძლევენ ახალგაზრდებს, განავითარონ საკუთარი სოციალური საწარმოები, დახვეწონ სერვისი/პროდუქტები და გახდნენ უფრო ცნობადები.

„ამ პროგრამის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მჭიდრო კავშირების დამყარება ბიზნეს და კერძო სექტორებთან. ჩვენ მივესალმებით ABCO-ს მიერ ინიცირებულ შეთანხმებას და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენი ბენეფიციარებისთვის აღმოჩნდება წარმატებული შედეგების მომტანი, განსაკუთრებით კი სოციალური მეწარმეობის მიმართულებით.”- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მენეჯერმა, ნინო სამველიძემ.

„სოციალური მეწარმეობის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკაში. სფეროს განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო სივრცის დახვეწა და სრულყოფა. როგორც სოციალური მეწარმეობის გულშემატკივარი, ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო ამ მიმართულებით.”- განაცხადა პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრმა, მარიამ ლაშხმა.

„სოციალური მეწარმეობისა და განსაკუთრებით მასში ჩართული ახალგაზრდების ხელშეწყობა კვლავაც რჩება დიდ გამოწვევად საქართველოში. ევროკავშირის ძალისხმევის პარალელურად, სოციალური საწარმოების ეკოსისტემის შემდგომი განვითარება სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მეტ დაინტერესებასა და ჩართულობას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ SEAG პროექტი რამდენიმე თვეში სრულდება, დღეს გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციასა და საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსს შორის, პროექტის დასრულების შემდგომ ახალგაზრდების სამომავლო ხელშეწყობისთვის წინაპირობას შექმნის.” - გიგა სარუხანიშვილი (SEAG პროექტის დირექტორი)

EU4Youth - სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში პროექტის მიზანია, სომხეთსა და საქართველოში 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება და დასაქმება სოციალური მეწარმეობის სფეროში; ასევე, სოციალური უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის მეშვეობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner