„ისინი, ვინც ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ჩავიდნენ უკრაინაში აზიანებენ უკრაინული სახელმწიფოს უკეთესი მომავლის პერსპექტივას,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა
„უკრაინა მრავალი წელია გადაიქცა კოლექტიური საყვარელიძეების, სააკაშვილების, ადეიშვილების, ლორთქიფანიძეების, აქედან გაქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალისტების ნაკრძალად. სულაც არ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი პასპორტი უდევთ ჯიბეში, ჩვენი ქვეყნის შვილია და იქ არის წასული ის არ არის გულწრფელი ან რაიმე კრიმინალური წარსული აქვს.
ვგულისხმობ კონკრეტულ დესანტს, რომელიც ჯერ კიდევ მშვიდობიანობის დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ იქ ჩავიდა და მაქვს გარკვეული რწმენაც იმისა, ისინი აზიანებენ კიდეც უკრაინული სახელმწიფოს უკეთესი მომავლის პერსპექტივას. დიახ, მგონია რომ ეს არის იქ ნაკრძალი, ამას გამოსწორება სჭირდება, ეს ქმნის გარკვეულ ბარიერებს, ამგვარი ტიპის ხალხის თავშესაფრად იქაურობის გადაქცევა რა თქმა უნდა აზიანებს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.