„ქოფი ბრეიქისთვის“ თუ დადიან სადმე, არ არის ცუდი, მაგრამ რა შედეგი უნდა დადგეს, გაუგებარია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ბაკურიანის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ ვართ ტრაგედიის პირისპირ, რადგან არ გვყავს ძლიერი ოპოზიცია, რომელიც დაჯდება მაგიდასთან და გარკვეულ თემებზე იკამათებს და ხელისუფლებას ოპონირებას გაუწევს.
„ის ხალხი, ვინც ჩვენ ვნახეთ, არანაირ ტრენინგს აღარ ექვემდებარებიან, მით უმეტეს რევოლუციის დარგში. თუ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება ამ გზით და ეს არის მათი გეგმა, ალბათ სხვა კანდიდატები უნდა შეარჩიონ, მაგრამ ეს კანდიდატები ამ ქვეყანაში არ არიან - ქართველ ხალხს რევოლუცია არ სურს. ქართველმა ხალხმა, როგორც იქნა, საკუთარ ბევრ შეცდომაზე ისწავლა, რომ დაპირისპირების გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობა არის საშინელება, ამიტომ ჯერ ის, რომ ხალხი არ ვარგა ვინც ტრენინგს გადის და თუ მივლენ იქამდე, რომ სხვა ხალხი უნდა ეძებონ ეს ხალხი ამ ქვეყანაში არ არის, განურჩევლად ასაკისა. დღეს, არცერთ ახალგაზრდას, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მოუტანა: ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივა, მოუტანა უვიზო რეჟიმი, მშვიდობა და სტაბილურობა, არცერთი ახალგაზრდა თავისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამას არ დათმობს გაუგებარი დაპირისპირებისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბაკურიანის შეკრების კომენტირებისას განაცხადა, რომ რეალურად ეს იყო „შულავერის კომიტეტის“ შეკრება, რომლის მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების გადატრიალება იყო. მისი თქმით, შეკრებაში მონაწილე პარტიების, ე.წ. ენჯეოებისა და ე.წ ტელევიზიების მხრიდან თავის მართლება საფუძველს მოკლებულია და მათ კონკრეტული არგუმენტები უნდა წარადგინონ.