უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
გადაწვეტილებას „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გენოციდის მოწყობის შესახებ“ ხმა მისცა 365-მა დეპუტატმა.
როგორც უკრაინული მედია წერს, უმაღლესი რადა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს სამხედრო დანაშაულებები კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსი ოკუპანტები უკრაინაში ახორციელებენ.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა გენოციდად შეაფასა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ და კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ.