logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მელია რომ ცესკოსთან მიიჭრა, შეიძლება ამასაც „ვორქშოფს“ ეძახიან ოპოზიციაში, მაგრამ ეს რაც იყო, მთელმა ქვეყანამ ნახა - რევოლუციები, ვინ უფრო მაგრად შეახტება გალავანს, ღიმილისმომგვრელია
- +

15 აპრილი. 2022. 01:47

 

 

„თქვენ არ გინახავთ ხალხმრავალ ადგილებში მომხდარი ცუდი საქმეები? მელია რომ იყო მიჭრილი ცესკოს ოფისთან და არბევდა ცესკოს ოფისს, შეიძლება მაგასაც „ვორქშოფს“ ეძახიან ოპოზიციაში, მაგრამ ეს რომ „ვორქშოფი“ არ იყო, მთელმა ქვეყანამ დაინახა,“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. თალაკვაძემ ბაკურიანში, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის გეგმაზე იმსჯელეს.

„მოდით, ფაქტობრივად მივყვეთ: შეიკრიბნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები - ფაქტია? დიახ! ეს დადასტურებულია. მეორე - რომ მსჯელობდნენ, როგორ დავასრულოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაო, ესეც ფაქტია და დაადასტურეს თვითონ. ჩამოყვანილი რომ ჰყავდათ ადამიანი, „ექსპერტი“, რომელიც „როგორ დავამხოთ სპეციალისტია“, ესეც დაადასტურეს და ერთადერთი, რაც არ დაადასტურეს, არის ის, რომ ერთ-ერთი მონაწილე ადგა და თქვა: „გავიგეთ ეს მეთოდები, როგორ დავასრულოთ ტირანია, მაგრამ ტირანია სად არის საქართველოში, ეს ვერ გავიგეო“ და ეს ადამიანი გააძევეს „ტრენინგიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

რაც შეეხება კითხვას, რატომ არის დანაშაულებრივი ოპოზიციის შეკრება და მსჯელობა ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლაზე მაშინ, როცა იმ გეგმის და სტრატეგიის დასახვა, რომელიც ხელისუფლების შეცვლას განაპირობებს, ყველა ოპოზიციური პარტიის მიზანი უნდა იყოს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, „ისინი არ წყვეტენ, ოპოზიციის შეკრება დანაშაულებრივია თუ არა, ისინი აფასებენ, არის თუ არა მათი მცდელობა სასაცილო“.

 

„ჩვენ არ ვწყვეტთ, იყო თუ არა ეს დანაშაულებრივი, ჩვენ ვწყვეტთ და ვაფასებთ, იყო თუ არა სასაცილო - პირდაპირ რომ გითხრათ და რა განმარტებებიც არ უნდა გააკეთონ დღეს პოლიტიკოსებმა, მინდა გითხრათ, რომ არჩევნების გვერდის ავლით, მათი გადაწყვეტილების და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, რომელი ტრენერებიც არ უნდა ჩამოიყვანონ, ვერავინ ცვლილებებს ამ ქვეყანაში ვერ მიაღწევს დესტაბილიზაციით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია დემოკრატიული არჩევნებით გამოხატოს მისი პოზიცია. ვისაც უნდა, რომ ხალხს აუაროს გვერდი, საარჩევნო ყუთს აუაროს გვერდი და დემოკრატიას და არჩევნებს ძირი გამოუთხაროს, იმ ხალხზე ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ზოგჯერ გვქონდეს ღიმილისმომგვრელი რეაქცია და გავიცინოთ და თუ დანაშაულის ნიშნები იქნება, ამაზე სხვა ორგანოები არიან პასუხისმგებელი.

 

რაც შეეხება იმ თემების შეფუთვას, რაზეც იმსჯელეს, მოდით, ჩვენ თვითონ გამოვიცნოთ: არჩევნებში წაგებული, პარლამენტს გარეთ დარჩენილი, ყველაზე აგრესიული პოლიტიკოსები შეიკრიბნენ სადღაც და მწვრთნელი ჩამოიყვანეს, „როგორ შევცვალოთ ხელისუფლება არაარჩევნების გზით“. ეს ხალხი თუ საქართველოში სტაბილურობაზე, მშვიდობასა და პოლიტიკური სისტემის განმტკიცებაზე მსჯელობდა, მაშინ პირდაპირ მითხარით. მე არ მჯერა და ხალხის უმრავლესობას არ სჯერა, რომ ეს ხალხი - გიგი უგულავა იყო, გიგა ბოკერია, ბატონი ვაშაძე თუ სხვები, არჩევნების, ქვეყნის პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის მხარდასაჭერად იყვნენ იქ შეკრებილი.

 

ბევრი გვინახავს ასეთი მცდელობები, შეკრებებიც გვინახავს ქოლგის ქვეშაც, ფანჩატურშიც, ბოიკოტებიც გვინახავს, ბოქლომებით მოსული რადიკალური ოპოზიციაც გვინახავს, მაგრამ დღეს სად არიან და არჩევნებში რა შედეგები მიიღეს, ეგეც ვნახეთ.

 

თუ ვინმეს სხვანაირი დემოკრატია უნდა, რევოლუციები, ვინ უფრო მაგრად შეახტება გალავანზე და ვინ უფრო დიდ ბოქლომს მოიტანს და ამით გადაწყვიტოს ქვეყანაში რაიმე, ამასაც ვნახავთ შემდეგ არჩევნებზე, კიდევ იქნება არჩევნები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner