„საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის კითხვარის მომზადების საქმეში, რათა ჩვენ დროულად, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ დოკუმენტის მომზადება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბრუნება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც ცნობილია, საქართველომ 11 აპრილს ბრიუსელიდან მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგი ნაბიჯია. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო პროცესი, კოორდინაცია, არაერთი შეხვედრა გაიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად. ჩვენს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გადაეცათ აღნიშნული კითხვარი და საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადების საქმეში, რათა ჩვენ დროულად, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ დოკუმენტის მომზადება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბრუნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.