logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის მიერ კითხვარის გადმოცემა გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ახლა საჭიროა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაცია, რათა კითხვარი დროულად შევავსოთ
- +

15 აპრილი. 2022. 13:55

 

 

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს გადაცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაციისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა კითხვარის შევსების პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და მოკლე ვადაში დასრულდეს.

 

„ჩვენ 3 მარტს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას აღნიშნული კითხვარი გადასცა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ ეს კითხვარი და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კითხვართან დაკავშირებით სხდომაზე მთავარი მომხსენებელი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. აღინიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, კითხვარი გადაეცა ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყანას - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას და პროცესი სწორედ ამ ფორმატში გაგრძელდება.

 

ქართული მხარე ევროკავშირისგან მიღებულ კითხვარს დროულად დაამუშავებს და ევროპელ პარტნიორებს გადასცემს, ხოლო ევროკომისია დასკვნას ივნისის ბოლოს წარადგენს. კითხვარის სწრაფად და ეფექტიანად შევსების პროცესს, რომელიც ყველა უწყების ჩართულობით, სამუშაო ჯგუფების ფორმატში წარიმართება, პირადად გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner