კომპანია არემჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობის და ინდივიდუალური სპორტსმენების მხარდაჭერას.
კომპანიამ მიმდინარე კვირას ოფიციალური სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძესთან, რომელიც ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგში #4 ადგილს იკავებს. სანდრო ბაზაძის სპორტული წარმატების მაგალითმა და წლის დასაწყისში თბილისში მაღალ დონეზე ორგანიზებულმა მსოფლიო თასმა კომპანია სპორტის ამ სახეობით დააინტერესა.
„ფარიკაობა ჩვენთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენი კომპანია 14-17 იანვარს თბილისში გამართული მსოფლიო თასის გენერალური სპონსორი იყო, სადაც სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა. არემჯი სანდრო ბაზაძის ოფიციალური სპონსორი 2022 წლის კალენდრით გაწერილ შეჯიბრებებსა და ტურნირებზე იქნება. სანდრო ძალიან ნიჭიერი და ძლიერი სპორტსმენია და ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე.“ - განაცხადა არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
„2022 წლის მთავარი გეგმა ზაფხულში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე წარმატების მიღწევაა, რისთვისაც მთელი მონდომებით ვემზადები. ამ ეტაპზე ვვარჯიშობ საფრანგეთში, ერთ ერთ უძლიერეს მწვრთნელთან კრისტიან ბაუერთან, რომელიც არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ვფიქრობ ეს ყველაფერი აუცილებლად დადებით შედეგს გამოიღებს. წლის დასაწყისში ჩვენი თანამშრომლობა არემჯისთან დიდი წარმატებით დაიწყო, მსოფლიო თასზე კომპანიის მხარდაჭერით ოქროს მედალი მოვიპოვე. ვფიქრობ ეს იყო საუკეთესო სტარტი და ძალიან ვეცდები, რომ ეს წელი ასეთივე წარმატებებით გავაგრძელო.“ - აღნიშნა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ.
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელშეწყობა არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართველი სპორტსმენების წარმატებაში, მათ განვითარებასა და მსოფლიო დონეზე ღირსეულად წარმოჩენაში.