logo_geo
eng_logo
იერუსალიმში, „ტაძრის მთაზე“ პოლიციასთან შეტაკებისას 300 პალესტინელი დააკავეს
- +

16 აპრილი. 2022. 02:01

 

 

იერუსალიმში, „ტაძრის მთაზე,“ ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 დაშავდა. დაშავდა ასევე სამი ისრაელელი პოლიციელი. შეტაკება გაგრძელდა ექვს საათს.

მასობრივი არეულობა დაიწყო 15 აპრილს, დილით ადრე, პარასკევის დილის ლოცვის დროს. ეს იყო მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის მეორე პარასკევის ლოცვა. ისრაელის მედიის თანახმად, ასეულობით არაბული წარმოშობის პირმა პალესტინელთა ავტონომიის და ჰამასის დროშებით, იერუსალიმის ქუჩებში გაიარა, შემდეგ კი ქვები დაუშინეს მლოცველებს, რომლებიც ებრაელთა წმინდა ადგილას, „გოდების კედელთან“ ლოცულობდნენ.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ გაფანტა ისინი პოლიციამ ცრემლმდენი გაზის, დამაბრმავებელი ყუმბარების და ხელკეტების გამოყენებით. დემონსტრანტები ალ-აქსას მეჩეთში გამაგრდნენ. ჰამასმა და სხვა რადიკალურმა ჯგუფებმა დაგმეს პოლიციის ქმედება.

15 აპრილს ებრაული პასექის აღნიშვნა იწყება. ისრაელის სპეცსამსახურები განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან მოყვანილი.

წინა დღით პოლიციამ დააკავა ოთხი ისრაელელი პირი, რომლებიც, პოლიციის თანახმად, „ტაძრის მთაზე“ რიტუალის ჩატარებას, პასექის წინ ციკნის მსხვერპლად შეწირვას აპირებდნენ. “ტაძრის მთაზე” წესრიგი გვარდება იერუსალიმის ისლამური საბჭოს მიერ. მთელ კომპლექსზე აკრძალულია ებრაული რიტუალების ჩატარება.

15 აპრილს, დასავლეთის ქრისტიანული ეკლესიის კალენდრით, „წითელ პარასკევს“ – ჯვარცმის დღეს, იერუსალიმში ქრისტიანები იესოს ჯვრის გზას იხსენებენ. ასეულობით ადამიანისგან შემდგარმა პროცესიამ ძველ იერუსალიმში გაიარა.

ძველი ქალაქი – აღმოსავლეთი იერუსალიმი, ისრაელმა დაიკავა 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შემდეგ. ისრაელი ქალაქს თავის განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელებს სურთ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი მათი დამოუკიდებელი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქი იყოს და ისრაელს მათი მიწების ოკუპაციაში ადანაშაულებენ. გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებენ ისრაელის სუვერენიტეტს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner