უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მარიუპოლში „სიტუაცია“ „შესაძლოა იყოს წითელი ხაზი“ რუსეთთან მოლაპარაკებებში.
როგორც კულებამ CBS-ის ეთერში განაცხადა, მარიუპოლში ვითარება მძიმეა.
„ქალაქი აღარ არსებობს. უკრაინის არმიის დარჩენილი ნაწილი და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფი ძირითადად გარშემორტყმულია რუსული ძალების მიერ. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსულმა არმიამ გადაწყვიტა ქალაქის მიწასთან გასწორება ნებისმიერ ფასად“, - დასძინა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლების გააქტიურებას ელის.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოელის „რუსული ძალების სასოწარკვეთილ მცდელობებს, ნებისმიერ ფასად დაასრულონ მარიუპოლი“ და დასძინა, რომ ის მოელის, რომ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება.
ამასთან, კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის აშშ-ს მაღალი დონის ოფიციალური პირის ვიზიტი უკრაინაში, კულებამ თქვა, რომ მოხარული იქნება, რომ იხილოს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მოგზაურობა უკრაინაში.
„ეს იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გზავნილი ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, ორ პრეზიდენტს შორის პირდაპირ შეხვედრამ ასევე შეიძლება გზა გაუხსნას უკრაინას იარაღის, ამერიკული იარაღის მიწოდებას და ასევე კონფლიქტის შესაძლო პოლიტიკურ დარეგულირებაზე დისკუსიას", - განაცხადა მან.