სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი „იმედის კვირასთან“ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ გამოვლენილ სისასტიკეზე საუბრობს.
მოლაშვილის თქმით, მისი შვილი ციხეში დაახლოებით, 4 წელი ჰყავდათ და სასტიკად აწამებდნენ.
„მიშა სააკაშვილზე თქმა იმისა, რომ პოლიტპატიმარია, სირცხვილია! ჩემი შვილი 4 წლამდე ციხეში ჰყავდათ. რა წამება, რა ტანჯვა გადაატანეს იმას, ჩვენ მერე ვიგებდით-ხოლმე. ხანდახან ტელევიზორში ვხედავ ერთ პიროვნებას - პოლიტპატიმარია, გაათავისუფლეთ! აი, როგორც მე მომიკლეს შვილი, ერთი ისე მოუკლან იმას შვილი და დავუდგები გვერდით და ვკითხავ - აბა, თქვი კიდევ პოლიტპატიმარია, გავათავისუფლოთ?
რა არის იცით? სხვისი ჭირი ღობის ჩხირია - ასე ცხოვრება არ შეიძლება! მე არ ვეუბნები, რომ მოდი და ერთი ამბავი ატეხე-მეთქი, მაგრამ დააყენე მაინც ენა, შენ, დალოცვილო!“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.