logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უკრაინას გადავეცით ჩვენი ხალხის, ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა, მივუსამძიმრეთ მეგობრებს, მაქსიმალურად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაზეც ამ ვითარებაში შეიძლებოდა საუბარი
- +

17 აპრილი. 2022. 23:26

 

 

რელევანტური არ არის საუბარი, რომ უკრაინაში ვიზიტი დაგვიანებული იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველო იყო მესამე ქვეყანა, რომელიც რადას სპიკერის მოწოდების შემდეგ საპარლამენტო დელეგაციით ჩავიდა უკრაინაში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელების მიმართ.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა ჩვენი უკრაინელი მეგობრების, უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც ხაზს უსვამდა საქართველოს და უკრაინის მრავალწლიან მეგობრობას, იმ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ხალხებს შორის არსებობს და რაზეც ასევე ჩვენ, პოლიტიკოსებს ორივე მხრიდან გვაქვს პასუხისმგებლობა. მე მოვისმინე რამდენიმე კომენტარი, რომ ეს იყო დაგვიანებული, ზოგიერთები ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მაგრამ, მოდით, ვთქვათ სიმართლე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ დროს, როდესაც განსაცდელშია მთლიანად რეგიონი და არა მხოლოდ უკრაინა, როდესაც ევროპაში ასეთი ომი მიმდინარეობს თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. სიმართლე არის ის, რომ როდესაც რადას სპიკერმა მიმართა ღიად ყველა მეგობარი ქვეყნის პარლამენტს, რომ მობრძანდით უკრაინაში და თქვენი თვალით ნახეთ, რა ხდება, რა მოიტანა ამ ომმა და რა ახლავს თან, საქართველო იყო მესამე ქვეყანა, ორი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შემდეგ, რომელიც ჩავიდა და რომლის საპარლამენტო დელეგაციაც უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. დაგვიანებული იყო და ა.შ. მგონი, ეს საუბარი არ არის რელევანტური. ეს ვიზიტი იყო მეგობრობის, მხარდაჭერის გამოხატვა, იყო სამძიმრის გამოხატვა უკრაინელი ხალხის მიმართ და ასეც მოხდა. თავად ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა ვიზიტმა, ჩვენ გვქონდა უმაღლეს დონეზე შეხვედრები უკრაინის რადაში, რადას სპიკერთან, ასევე ჩვენს კოლეგებთან, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებთან რადაში და განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ამ ომს უკავშირდება, მშვიდობის გარანტიებს, ჩვენი ქვეყნისა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ისაუბრეს თუ არა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის პრობლემატური იყო, თალაკვაძემ უპასუხა, რომ იმასთან მიმართებაში, რაც უკრაინაში ხდება და რაც საკუთარი თვალით ნახეს, დანარჩენი ყველა საკითხი კარგავს თავის მნიშვნელობას ან მეორეხარისხოვანი ხდება.

„პირველ რიგში, რაც აშკარად ჩანდა, არის ის, რომ თვითონ კიევი არის სრულ მზადყოფნაში ამ ომისთვის, იქ არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები ახლა, პერიოდულად იყო ხოლმე დაბომბვის გამო განგაშის სიგნალები ჩართული, მაგრამ მთელი ქალაქი არის გადატიხრული ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებით, ქვიშის ტომრებით. წარმოიდგინეთ, პარლამენტის შენობის ყველა სართულზე ფანჯრები არის პრაქტიკულად ამოვსებული ქვიშის ტომრებით, არის შესასვლელები დაბლოკილი სპეციალური ბარიკადებით და ეს ხდება მთელ ქალაქში. ლვოვიდან კიევამდე თითქმის მთელ გზაზე, განსაკუთრებით რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდით კიევს, უკრაინის ულამაზესი ქალაქები და სოფლები თითქმის დაცლილი იყო. ეს მიუთითებს, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაკადი არის ევაკუირებული და ლტოლვილობაში. საქართველოშიც 30 000-მდე ლტოლვილია ჩამოსული, რომლსაც ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო უწევს ახლა მასპინძლობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner