logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებაც არ ყოფილა
- +

18 აპრილი. 2022. 00:00

 

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობა“ არავის უხსენებია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, თუ რაიმე გაურკვევლობები იყო საქართველო-უკრაინას შორის.

„ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვიზიტის ნაწილი არ იყო, რადგან მათ დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, თუ რაიმე გაურკვევლობები იყო საქართველო-უკრაინას შორის. “, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისი თქმით, უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს საუბარი სანქციების თემასაც შეეხო. .

„შეხვედრის დროს, საჯაროდ განვაცხადე, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთი შეძლებს გვერდის ავლას სხვადასხვა სანქციებისა, ხოლო რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქ მთავარი არის ის, რომ რამდენად აქვს საქართველოს ინსტრუმენტი იმისა, რომ ორმხრივი სანქციით რაიმე ზიანი მიაყენოს რუსეთს. ჩემს კოლეგას მოვახსენე, რომ პირიქით, რუსეთის მხრიდან სანქციების ქვეშ ჩვენ უკვე წლებია ვართ.

ჩემმა კოლეგამ გაფართოებულ შეხვედრაზე არაერთხელ ახსენა უკრაინის მადლიერება იმ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე იჩენს, ასევე იმ დახმარებისთვის და გვერდით დგომისთვის, რასაც უკრაინელი ხალხის მიმართ სახელმწიფო საქართველოში იჩენს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner