ალბათ ხედავთ, რომ კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღარ მიდის საუბრები. ეს საკითხი უკვე გადალახულია. ჩვენ უკრაინაში ვიზიტამდეც, კომუნიკაციისას შევთანხმდით, რომ წინ გავიხედავთ და მომავალს შევხედავთ და სამომავლოდ ინფორმაციები ერთმანეთთან გადავამოწმოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“ - ში განაცხადა.
„ჩვენი დელეგაცია იყო მეორე უკრაინაში. ერთი დღით ადრე ჩეხეთისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეები იყვნენ ერთობლივად ჩასულები. საქართველოს დელეგაცია გახლდათ მეორე დელეგაცია, მას შემდეგ რაც რუსლან სტეფანჩუკისგან იყო მოწოდება პარლამენტების მიმართ, რომ ჩასულიყვნენ დელეგაციები. განსაკუთრებული სითბოთი დაგვხვდნენ ნამდვილად. ეტყობოდა კიდეც ჩვენს მასპინძელს, რომ სურდა ეჩვენებინა ეს სითბო. ცდილობდა არა მხოლოდ ოფიციალურად, არამედ ადამიანურადაც შესამჩნევი ყოფილიყო ეს სითბო და ის სიყვარული, რომლითაც ის დახვდა ჩვენს დელეგაციას. ჩვენი დელეგაციაც განსაკუთრებული იყო. იყო მრავალპარტიული. სტეფანჩუკის მხრიდან იყო განსაკუთრებული მადლიერება, რომ პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი და ამით მთელი საქართველოს გზავნილი იყო ჩატანილი. „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არავის უხსენებია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.