„აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გასარკვევი საკითხია და ამიტომ, უკრაინელ კოლეგასთან ჩვენ ამ საკითხებს არ შევხებივართ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ელჩის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ამასთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია, რადგან იგი საპარლამენტო საკითხი არ არის. იცით, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა ასევე კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან. ამიტომ, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გასარკვევი საკითხია და ამიტომ ჩვენ ამ საკითხებს არ შევხებივართ.
ზუსტად ის საკითხები, რაც ისმოდა მედიაში, სწორედ ისაა, რომელზეც მე თავის დროზეც მივაწოდე ინფორმაცია ჩემს კოლეგას. მაგალითად, ფრენებთან დაკავშირებით, თითქოსდა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცით ისარგებლა და ასე შემდეგ. ამაზე გამგზავრებამდეც კი მივაწოდე ინფორმაცია და ეს საკითხი ამით ამოიწურა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, საკითხების მოკითხვა და ამის შესაბამისად გარკვევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.