მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ისტორიული პროექტის დაწყების შესახებ, რომლის მიხედვითაც უახლოეს 3-4 წელიწადში ქვეყანაში მთელი საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება.
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მომდევნო 3-4 წელში:
* აშენდება 80 და გარემონტდება 800 სკოლა
* აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი
* უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში დასრულდება წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი რეჟიმით მომარაგდება ყველა მუნიციპალიტეტი და ქალაქი.
* პოლიციელებისთვის, ჯიქიას ქუჩაზე აშენდება 1000-ბინიანი „პოლიციის ქალაქი“, მსგავსად „სამხედრო ქალაქისა“, რომლის მიხედვითაც, პოლიციელებს 1 კვადრატული მეტრის $100-ად შეძენა შეეძლებათ
* რეაბილიტირდება ყველა პოლიციის შენობა, ყველა სპეციალური სამხედრო და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა.
* სასაზღვრო სექტორში აშენდება ახალი და გარემონტდება არსებული შენობები.
* მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება ყველა თეატრის რეაბილიტაცია
* აშენდება სამხედრო მუზეუმი
* კრწანისის რაიონში აშენდება კადეტთა ლიცეუმი, რომელიც ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას შეუწყობს ხელს.
* აშენდება რეგიონში სანიმუშო, სპეციალური ოპერაციების თანამედროვე სამხედრო ბაზა - ე.წ. „მუხროვანის ბაზა“,
* 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ საცხოვრებელს.
* ყველა მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდება ცენტრალური სტადიონი, ასევე განახლდება და რეაბილიტირდება მინი-სტადიონები
* ყველა რეგიონში ეტაპობრივად აშენდება სპორტული კომპლექსი
ასევე:
* 1 ივნისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება
* პანდემიის შედეგებისგან ფერმერების დაცვის მიზნით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომლის მიხედვითაც ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხებათ 300 ლარი (ქულების სახით) და ისარგებლებს 300 000-მდე ფერმერი.
საქმის კეთება მე ასე მესმის“, - წერს ბექა მჭედლიშვილი.