logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: „თავისუფალი დემოკრატები“ ოჯახის განმარტებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დავუჭერთ
- +

8 მარტი. 2016. 13:18



„თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებასთან დაკავშირებული ცვლილება აუცილებლად უნდა შევიდეს. როგორც ცაგარეიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობის ინიციატივას მხარს დაუჭერს და საკონსტიტუციო ცვლილებას მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის უარი ვერ შეეწინააღმდეგება.


„ვფიქრობ, რომ ამგვარი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში უნდა არსებობდეს. ამას ვამბობ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და „თავისუფალი დემოკრატი". მახსენდება ხორვატიის მაგალითი, ევროკავშირში შესული ბოლო წევრი ქვეყანა, რომელმაც ჩაატარა რეფერენდუმი და ამგვარი ჩანაწერი ხორვატიის კონსტიტუციაში აისახა. ეს იყო ხორვატი ხალხის უმრავლესობის ნება და ამ ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგა. სწორედ ამგვარი ჩანაწერით შევიდა ხორვატია ევროკავშირში. ასე რომ, ევროკავშირისგან რაღაც ბუას შექმნა და საუბარი, რომ თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაძლებელია, ამგვარი ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის უფლება არ მოგვცეს ვინმემ, სრული სისულელე და ღრმა არაპროფესიონალიზმია.საქართველოს შინაურ საქმეებში არავინ ჩაერევა. თუ ეს ქართველი ხალხის ნება იქნება, საქართველოს ვერავინ შეუშლის ხელს, იგივე გააკეთოს.

 

ჩვენი ფრაქცია ამგვარი ჩანაწერის გაჩენას კონსტიტუციაში მხარს დაუჭერს. არ მესმის რესპუბლიკური პარტიის მოტივი, რომ თავი აარიდოს ამ განხილვებში მონაწილეობას და მხარი არ დაუჭიროს ამ ჩანაწერს. წინასწარ იმის თქმა, რომ საკითხი ჩავარდება, არასერიოზულია. არავინ იცის, როგორ მოიქცევიან დარბაზში ჩვენი კოლეგები. ამიტომ, მოდით, ნუ შევქმნით დაძაბულ ფონს. თუ ეს საკითხი ინიცირებული იქნება უმრავლესობის მიერ, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს გაუგებარ ინსინუაციებს. თუ ძალთა შორის კონსენსუსი შედგება, ერთი უარი „რესპუბლიკელების" მხრიდან ვერ შეგვაფერხებს. ამგვარი ჩანაწერი უნდა არსებობდეს საქართველოს კონსტიტუციაში და იგი აუცილებლად გაჩნდება, მოსწონს ეს რესპუბლიკურ პარტიას თუ არა", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.   




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner