მთელი რიგი თანამდებობის პირები, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს სამწუხაროდ წარმოდგენილი არიან უკრაინის ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ დონეზე, ეს პრობლემა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხები მალე მოგვარდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არის ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ როდესაც ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, ეს ხელს უშლის ურთიერთობებს ორ ხელისუფლებას შორის.
„რომ გითხრათ, რომ ეს ნომერ პირველი საკითხია ჩვენს დღის წესრიგში, ეს ასე არ არის, მაგრამ როდესაც ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, ეს ხელს უშლის ურთიერთობებს ორ ხელისუფლებას შორის, ამიტომ ვართ დაინტერესებული, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის ხელისუფლებასთან და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ არავითარი დაბრკოლება ამ კუთხით არ არსებობდეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ჩვენ ვნახეთ ამ მოცემულობის კონკრეტული შედეგები.
„მაგალითად ალოგიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა თვითმფრინავის ბორტთან დაკავშირებით, განცხადება, რომელიც გაკეთდა ე.წ. კონტრაბანდასთან დაკავშირებით და ა.შ. ანუ, კონკრეტული გამოხატულება აქვს ამ პრობლემას, აქედან გამომდინარე, სასურველია ეს პრობლემა მოგვარდეს. იმისთვის, რომ ორ ხელისუფლებასთან იყოს უფრო მჭიდრო ურთიერთობა, უმჯობესია, ეს საკითხი მოგვარდეს. ეს უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, როცა გადაწყვეტენ, პრობლემა გადაიჭრება, ჩვენს ხელში ეს არ არის. თუ ჩვენ გვინდა ნული დაბრკოლება იყოს თანამშრომლობაში, ბუნებრივია ეს საკითხი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან,რომ ამ სამივე ადამიანიდან მინიმუმ ორზე განაჩენია დამდგარი და ოფიციალურად კრიმინალად არიან აღიარებული საქართველოში. ასეთი ადამიანი როცა იქ არის ხელისუფლებაში, ბუნებრივია ქმნის უხერხულობებს ურთიერთობებში. ეს მოცემულობა წლებია გრძელდება ეს ერთი, მეორე ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე ძალიან რთული გასათვლელია ვადებში რა როგორ მოხდება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება, ჯობს მალე, ვიდრე გვიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.