18 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებასა და დევნილი ოჯახებისთვის ბინებით უზრუნველყოფაზე ისაუბრა. პრემიერის ინიციატივაზე დამატებითი დეტალების გასაგებად Pia.ge საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს ილია ღუდუშაურს გაესაუბრა.
- ბატონო ილია, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება გაიზრდება 150 ლარამდე. როდიდან ამოქმედდება ეს ინიციატივა, იგეგმება თუ არა კიდევ დახმარების გაზრდა და დაახლოებით რამდენი სოციალურად დაუცველი ბავშვი ისარგებლებს ამ გადაწყვეტილებით?
- როგორც მოგეხსენებათ, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სოციალური მდგომარეობების გაუმჯობესება წლებია სახელმწიფოსა და მთავრობის პრიორიტეტია. აღნიშნულის ფარგლებში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, პრემიერი ინიციატივით, დახმარება, რომელსაც დაახლოებით 215 000 ბენეფიციარი და სოციალურად დაუცველი ბავშვი იღებდა, 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. არა მხოლოდ დახმარება გაიზარდა, არამედ ბენეფიციართა რაოდენობაც გაიზარდა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ადრე დახმარების ზღვარი იყო 100 000 ქულა, ამ ზღვარმა აიწია 120 000 ქულამდე.
პრემიერის დღევანდელი ინიციატივით დახმარება 100 ლარიდან გაიზარდა 150 ლარამდე, რომელიც ძალაში 1 ივნისიდან შედის, აგრეთვე, გაჟღერდა ის ფაქტი, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან ეს დახმარება გაიზრდება 200 ლარამდე, ანუ გაორმაგდება. ამ დახმარებით ისარგებლებს დაახლოებით 220 000 ბავშვი.
- პრემიერმა დღეს ასევე განაცხადა, რომ 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა. რა ვადებში განხორციელდება ეს პროგრამა და რომელ ქალაქებში გადაეცემათ ბინა დევნილებს?
- დევნილთა სააგენტო წლებია ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა ამ მასშტაბის პროგრამა არ ყოფილა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2022-2025 წლის განმავლობაში 13 000 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ფართს, საიდანაც დაახლოებით 7 000 საცხოვრებელი ფართი იქნება ბინა, რომლის მშენებლობასაც დევნილთა სააგენტო განახორციელებს. სატენდერო სამშენებლო სამუშაოები ამ გაზაფხულზე დაიწყება. პროგრამა დამტკიცედბულია. ეს 7 000 ბინა იქნება გარემონტებული და სრულად მზადყოფნაში იმისთვის, რომ ბენეფიციარი შევიდეს და იცხოვროს. მშენებლობები განხორციელდება დიდ ქალაქებში, ეს არის თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბორჯომი.
თბილისში არის 3 100 ბინა, რომელიც ეტაპობრივად აშენდება და ჩაბარდება 2025 წლის ბოლომდე. მშენებლობა იქნება ეტაპობრივი. მაგალითად ბორჯომში სულ 150 ბინაა და ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარში სრულად ჩაბარდება. თუმცა, ამ ეტაპზე შეგვიძლია, გარანტირებულად ვთქვათ, რომ ეს 7 000 ბინა აუცილებლად დასრულდება 2025 წლის ბოლომდე, როგორც პროგრამაა დამტკიცებული.
ასევე, არ შეიძლება, რომ არ აღვნიშნოთ, მშენებლობის გარდა, დევნილთა სააგენტოს აქვს „სოფლად სახლის“ პროგრამა და აგრეთვე, პროგრამა, რომლის მიხედვითაც დევნილ ოჯახებს თავად შეუძლიათ, მოიძიონ ბინა და იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რომლებიც დამტკიცებულია, შემოიტანონ განაცხადი და თანხით უფინანსდებათ ბინის შესყიდვა. ამ პროგრამის ფარგლებში, ვფიქრობთ, დაახლოებით 6 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება და ამის შესაბამისი ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შეთანხმებულია ფინანსთა სამინისტროსთან და მთავრობასთან.