ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე PIA.GE-სთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაყენებულ ინიციატივათა ერთობლიობას გამოეხმაურა, რომელზედაც ირაკლი ღარიბაშვილმა 18 აპრილს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულის შესაბამისად, მზარდ ბიუჯეტში სოციალური მიმართულების ხარჯები, რომლებიც ჯანდაცვას, სოციალურ დაცვას, განათლებასა და კულტურას უკავშირდება, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
იგი ასევე, პირად და ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქართველოს ბიუჯეტი მართლაც აბსოლუტურად, „სწორედ იმ აზრის შესაბამისად იზრდება, რა აზრიც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩადებული, რომ ქვეყანა სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა“.
„მე დავთვალე და ჩვენს მოსახლეობაზე პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი, დაახლოებით 45%-ზე ვრცელდება, ხოლო არაპირდაპირი ეფექტი, იმის გათვალისწინებით, რომ კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტები, ეს თეატრი იქნება თუ მუზეუმი და ა.შ. მათი მომხმარებელი მთელი საზოგადოება რომ ჩავთვალოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულდება ის სლოგანი, აზრი, რომელიც ჩადებულია ჩვენს კონსტიტუციაში, რომ საქართველო სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
ეკონომისტმა ასევე, აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით, სოციალური დანიშნულებით ბიუჯეტის პირდაპირი ხარჯები 32%-დან უკვე 51%-მდე გაიზარდა.
„ოფიციალურ სტატისტიკასაც რომ დავეყრდნოთ, სოციალური დანიშნულებით ბიუჯეტის პირდაპირი ხარჯები, 2012 წლის 32%-დან უკვე 51%-მდე გაიზარდა. ე.ი. ბიუჯეტი აბსოლუტურად იზრდება და ამ ნაზარდ ბიუჯეტში, სოციალური მიმართულების ხარჯები კიდევ უფრო მეტად იზრდება, ეს იქნება სოციალური დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და კულტურა“, - ამბობს იოსებ არჩვაძე.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განვადებით მშენებლობის პროგრამის დაწყების შესახებ ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის მასშტაბურ პროგრამა, რომლის დაფინანსების ჯამური მოცულობა შეიძლება 3 მლრდ ლარიც იყოს.
პრემიერმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც წელსვე დაიწყება და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
პროგრამის განხორციელებით დასაქმდება 20 000 ადამიანი, რაც შესაბამისად 20 000 ახალი სამუშაო ადგილს გულისხმობს.
„ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ და მეორეს მხრივ, ეკონომიკას დაეხმარება ეს ყველაფერი. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, როგორც აღვნიშნე. მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.