თსუ-ს ეკონომიკის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივებთან დაკავშირებით საუბრობს და მათ მისასალმებელს უწოდებს.
ვახტანგ ჭარაიას თქმით, პრემიერის ინიციატივებში საინტერესო გზებია გამოძებნილი სხვადასხვა პროექტების შესასრულებლად.
„მთლიანობაში ინიციატივებს მივესალმები, საინტერესო ინიციატივებია, საინტერესოა გზებია გამოძებნილი სხვადასხვა პროექტების შესასრულებლად. განვადებით მშენებლობების პროგრამის მსგავსი მასშტაბის პროექტი არ ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებაა სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისთვის თუ როგორ შეიძლება მათ ითანამშრომლონ გრძელვადიანად ისე, რომ ორივეს ინტერესები დაცული იყოს.
საკმაოდ მნიშვნელოვანია დევნილებისთვის ბინების უზრუნველყოფის საკითხი, იმიტომ რომ ათეულობით წლებია ცალკეულ შემთხვევებში ადამიანები ელოდებიან იმ ბინას, რომელსაც მათ სახელმწიფო დაჰპირდა და ამ დაპირებას ძალიან ბევრი ადამიანი ფიზიკურად ვერ მოესწრო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება ოპერატიულად განხორციელდეს“, - აცხადებს ჭარაია.
გარდა ამისა, ექსპერტმა სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება სკოლების ნაწილს, საკმაოდ დიდი სამუშაოებია. რეგიონებში ბევრი სკოლა სისტემატურად რემონტდება, მაგრამ ბევრი სკოლა ჯერ კიდევ ყველაზე თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მოტივაცია და ყველანაირი პირობები, რომ თანამედროვე გარემოში ისწავლონ და მომავლის ხედვით გაიზარდონ. ცხადია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურულ ხარისხს“, - დასძინა ვახტანგ ჭარაიამ.
მისივე თქმით, ბიუჯეტი საკმაოდ არის ორიენტირებული სოციალურ საკითხებზე.
„ასევე, ვიტყოდი იმას, რომ ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ არის სოციალურად ორიენტირებული, მაგალითად, მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველ ბავშვებს მნიშვნელოვანი დახმარება ჰქონდეთ და ნაცვლად 50 ლარისა, 150 ლარით განისაზღვრება, მთლიანობაში ჩვენს ბიუჯეტს საკმაოდ დიდი სოციალური ტვირთი აწევს“, - აღნიშნა ჭარაიამ.
რაც შეეხება ექსპორტს, ვახტანგ ჭარაიას თქმით, ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„ყოველ მომდევნო თვეს, უხეშად რომ ვთქვათ ჩვენი ექსპორტის მაჩვენებლები ახალ და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტში უდიდესი წილი ქართულ ექსპორტს უკავია. თუმცა აქვე დავამატებდი იმასაც, რომ ექსპორტის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია, ხარისხობრივადაც გავიზარდოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებლები უნდა ვიყოთ, არამედ უნდა ვიყოთ მზა ნაწარმის, ან თუნდაც ნახევარფაბრიკატების მიმწოდებელი სხვა ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ჭარაიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივების შესახებ განცხადება 18 აპრილს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დააანონსა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა თეატრის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო 3-4 წელიწადში 13 ათასამდე დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს.
ღარიბაშვილის განცხადებით, იწყება განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა.
ამასთან, პრემიერის ინიციატივით, სკოლები და ბაღები აშენდება. რაც გულისხმობს 80 ახალი სკოლის აშენებას, 220 სკოლის სრულ რეაბილიტაციას, ხოლო დარჩენილის - ნაწილობრივ. პრემიერის თქმით, ასევე, აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღი.