თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები საქართველოში ვიზიტად მყოფ, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყურადღება NATO-ს გაფართოების გადაწყვეტილების გადაუდებელ საჭიროებაზე და მასში საქართველოს ინტეგრაციაზე გაამახვილეს.
„შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებას. განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიც არის კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ჯეიმს აპატურაისთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის მოადგილეები: თეონა აქუბარდია და ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.