logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანის ბრძანებით, მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება!
- +

11 აგვისტო. 2016. 13:46


იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დოკუმენტაციის გაცემა მარტივდება. უწყების ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი მოზარდების ინტერესების მაქსიმალური დაცვა.


„მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დაბადებისა და პირადობის მოწმობებს, ასევე, სამგზავრო დოკუმენტებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაუმზადებს.

 

დღემდე მოქმედი რეგულაციით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისათვის დაბადებისა და პირადობის მოწმობებსა და პასპორტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მხოლოდ მშობლის ან მეურვის მიმართვის საფუძველზე გასცემდა; მათი ნაწილი კი ვერ ახერხებს ან არ თვლის საჭიროდ არასრულწლოვანთათვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ამის გამო მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვები არ არიან აღრიცხულნი, ვერ იღებენ განათლებას, არ არიან ჩართულნი სოციალური თუ სამედიცინო სახის სახელმწიფო პროგრამებში.


საბუთების გარეშე არც ის ბავშვები დარჩებიან, რომელთა ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. ისინი დროებით საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს მიიღებენ. დროებითი დოკუმენტი ერთი წლის ვადით იმოქმედებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი განმეორებით გაცემა.

 

ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივის თანახმად, მიუსაფარ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე დოკუმენტები უფასოდ გაიცემა.

 

ინიციატივის მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას მოზარდების ინტერესები და არ დატოვოს არცერთი მიუსაფარი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი დოკუმენტაციის და, შესაბამისად, განათლების, ჯანდაცვისა სოციალური სერვისების გარეშე.

 

ცვლილებები იუსტიციის მინისტრის ბრძანებებში მიუსაფარი ბავშვების შესახებ კანონის საფუძველზე შევიდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობის შედეგად მომზადდა და მას საკანონმდებლო ორგანომ მხარი ერთხმად დაუჭირა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner