logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია განვითარებაზე, იქნება ეს წყალმომარაგება, სოციალური პოლიტიკა თუ სხვა, არის პოზიტიური
- +

20 აპრილი. 2022. 17:57

 

 

ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 18 აპრილს მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული ახალი ინიციატივების შესახებ ისაუბრა. ექსპერტმა პრემიერის ინიციატივები პოზიტიურად შეაფასა.

 

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები წინა პლანზეა წამოწეული.

 

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ სოციალური დახმარებების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

 

„ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე პრაქტიკულად ყოველ წელს ხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროგრამების გაფართოება და გაზრდა. სოციალური პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მთავრობისთვის და ამ ფარგლებში 18 აპრილს დაანონსდა, რომ კიდევ გაიზრდება სოციალური დახმარებები. ვფიქრობ, სოციალური დახმარებების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება იმ დოზით, რის საშუალებას ბიუჯეტი მისცემს მთავრობას. სხვა არა ერთი პროექტი და პროგრამა არის დაანონსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს საზოგადოების სოციალური დაცულობის თვალსაზრისით.

 

რაც შეეხება სხვა ინიციატივებს, იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებთან  დაკავშირებით, რომელიც ე.წ განვადებით მშენებლობას გულისხმობს. შესაბამისად, ბევრი პროექტი დაიწყება ამ ფარგლებში, მათ შორის რეგიონების განახლების პროექტი, პოლიციელების ქალაქი მშენებლობა. ბევრი პროექტი არის, რომელიც განვადებით მშენებლობის ფარგლებში დაფინანსდება. მთავრობა ორიენტირებული არის ეკონომიკურ ზრდაზე, ინფრასტრუქტურული პროექტები  წამოწეული არის წინა პლანზე. მთავრობის პოლიტიკა ორიენტირებული არის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტემპების შენარჩუნებაზე და უფრო მეტად გაზრდაზე“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი.

 

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, ასევე, ისაუბრა ექსპორტის  ზრდაზე და აღნიშნა, რომ ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, რაც 411 მილიონი დოლარს შეადგენს. ამასთან დაკავშირებით ექსპერტი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ  საქართველოში ექსპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

 

ანდრია გვიდიანის თქმით, ასეთი ინიციატივები უფრო ხშირი უნდა იყოს და მსგავსი პროექტები უნდა გახშირდეს.

 

„ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვანია. საქართველოში ყოველდღიურად იზრდება ექსპორტი და მნიშვნელოვანი, რომ მთავრობის პოლიტიკა ორიენტირებული არის საექსპორტო პროდუქციის წარმოების სტიმულირებაზე, მათ შორის ახალი ბაზების მოძიებაზე. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა სხვადასხვა ქვეყნებთან. წარმოების თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანა, რეგიონში არცერთ ქვეყანას არ აქვს იმხელა თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები სხვა  ქვეყნებთან, რამდენადაც საქართველოს. ყველაზე დიდი მოცვა საქართველოს აქვს. ექსპორტის ზრდა მუდმივი პროცესია და იმ საგარეო ვაჭრობის პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც მთავრობა ატარებს, ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ექსპორტის ზრდა გაგრძელდება.

 

პრემიერ-მინისტრის ყველა ინიციატივა არის პოზიტიური. ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია  განვითარებაზე, იქნება ეს წყალმომარაგება, სოციალური პოლიტიკა, პოლიციელებისთვის სახლების მშენებლობა, ბაზების აშენება და .ა.შ. ყველა ის ინიციატივა, რაც მთავრობის სხდომაზე  პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რასაკვირველია, არის პოზიტიური.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინიციატივები უფრო გახშირდეს, უფრო მეტად ინტენსიური იყოს და  ასეთი პროექტები გაგრძელდეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 აპრილს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე იზრდება, ასევე მომდევნო 3-4 წელიწადში 13 ათასამდე დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს.

 

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, იგეგმება როგორც ახალი სკოლებისა და ბაგა-ბაღების მშენებლობა, ისე ძველების რეაბილიტაცია. ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ  ექსპორტი 26%-ით გაიზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner