„ჩასაფრებულთა პოლიტიკა მუდმივადაა ორიენტირებული საზოგადოებაში ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებაზე, რათა ჩვენი მოსახლეობა რაც შეიძლება მეტად დასტრესონ და შექმნან ნეგატიური ფონი“, - ამის თქმის საფუძველს ეკონომისტ ოთარ ანგურიძეს ჟურნალისტ ვახო სანაიას პოსტი აძლევს, სადაც ის მთლიანი მშპ-ს გაანგარიშების არასწორი მეთოდოლოგიით აპელირებს.
„ეს ყველაფერი ხდება იმის გადასაფარად, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით განიცდის წარმატებას და ადგას აღმავლობის გზას. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა ყოველ თვე რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება - ექსპორტის ზრდის დინამიკა არის შეუქცევადი; ტურიზმის სექტორი გამოდის კრიზისიდან და სავარაუდოდ წლის ბოლოს უკვე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას; საგადასახადო შემოსავლები იზრდება და ეს ყველაფერი ერთიანდება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელში“, - წერს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე თავის ფბ გვერდზე და ამის დასტურად 2021-2027 წლებისათვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებლები მოჰყავს.
ეკონომიკის ექსპერტის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკურ პროგრესს საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ და აქტიურად უჭერენ მხარს.
„მათი პროგნოზებიც მუდმივად იცვლება პოზიტიური სცენარების კუთხით. IMF-ის გუშინდელი პროგნოზიც, რომელიც ეხებოდა 2021-2027 წლებში GDP per capita (PPP)-ს, სადაც საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული და ამ პერიოდში საქართველო მოსახლეობის ერთ სულზე გადაანგარიშებით ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მიმდინარე წელს 18 593$ შეადგენს საპროგნოზო მაჩვენებელს, ხოლო 2027 წლისათვის 27 459$-მდე იზრდება. ამ მაჩვენებლებით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზე იმყოფება“, - მიაჩნია ოთარ ანგურიძეს.
შეგახსენებთ, რომ 2021-2027 წლებში $GDP per capita ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო გავა მსოფლიოში მესამე ადგილზე. ამ პერიოდში მონაცემები გაორმაგდება და 2027 წლისათვის მიაღწევს 9 194$-ს.
„ფაქტი ერთია, ყველა არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველო განიცდის ეკონომიკის თვალსაზრისით რადიკალურ ცვლილებას და ეს პროცესი შეუქცევადია. მთავარია ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს სიმშვიდე და განაგრძოს განვითარების გზაზე სიარული. მართალია, ეს სიმშვიდე და პროგრესი გარკვეულ ძალებს დიდად აშფოთებთ და ცდილობენ ჩვენს ქვეყანას მიაყენონ ზიანი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. მაგრამ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ფონზე, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.