ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აუდიტის დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირებმა სოციალური დახმარებები აიღეს. მისი თქმით, მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით თემის არასწორად ინტერპრეტირება მოხდა.
„ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნახსენები, საჯარო მოხელეებისთვის გაცემული სოციალური დახმარების ნაწილის კომენტარების ირგვლივ არაერთი არასწორი და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით გაკეთებული ინტერპრეტაციები გავრცელდა, საჭიროდ მივიჩნევ, რომ გაკეთდეს განმარტება ბიუჯეტის კონკრეტული მუხლის და ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შესახებ.
ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, სახელფასო ანაზღაურებას, ტრანსპორტის მომსახურებას, სამივლინებო ხარჯებს და სხვ., მათ შორის არის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, რომელიც განისაზღვრება 54.000 ლარით.
საჯარო სექტორში ამ მუხლის არსებობა განპირობებულია სოციალური პასუხისმგებლობის და დასაქმებულთა, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, სოციალური გარანტიის უზრუნველყოფით. ამ გზით ინსტიტუცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლიდან დაფინანსდეს საავადმყოფო ფურცელი, დეკრეტული შვებულება და დასაბუთებული სოციალური დახმარება.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავ, რომ ამ მუხლიდან გაცემული დახმარება გათვალისწინებულია კონკრეტული ბიუჯეტის მუხლით და არ აკლდება არცერთი სხვა სოციალური თუ ჯანდაცვითი პროგრამების ბიუჯეტს“, - განმარტა ირაკლი შენგელიამ.