აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანესთან და წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვენდი შერმანმა განიხილა ნატოს წევრი ქვეყნების კოორდინაცია, რომლის მიზანსაც საიმედო შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, და ისაუბრა ამერიკის პრიორიტეტებზე ნატოს მომდევნო სტრატეგიულ კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელმაც ალიანსი კიდევ უფრო ძლიერი და ერთიანი უნდა გახადოს.
„აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას, მათ შორის ნატოსა და უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ რუსული დეზინფორმაციის გავრცელების გზით. ვენდი შერმანმა ასევე მოუწოდა ალიანსის წევრ ქვეყნებს, გააგრძელონ აქტიური ტრანსატლანტიკური კოორდინაცია საერთო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასაცავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.