"რესპუბლიკელები" თითქოს ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ",- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი თინა ხიდაშელის კრიტიკას, რომელიც მან საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატა.
„ეს რაღაც გაფანტული შემოტევაა - ერთი მხრივ, ვეთანხმები, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. მეორე მხრივ, თუკი მოკვლევით დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ჯგუფი იღებდა კონკრეტულ სარჩელს, ამ სარჩელს რეგისტრაციაში არ ატარებდა, ასწორებდა და გარკვეული შენიშვნებით მოსარჩელეს უკან უბრუნებდა, რატომ არ უნდა დავუშვა მე, რომ ეს მოსამართლეები წინდაწინ ამზდებდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებას?! ამ მოსამართლეებმა ახლა გინდ კარი ჩაკეტონ, გინდა ფანჯარა გააღონ და გინდ სარკმელი... როგორ შეიძლება, ამ მოსამართლეებს ჩვენ ვუთხრათ, რომ დაანაბეთ ყველაფერს თავი და სახლში რომ წახვალთ, დაფიქრდით და ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, როგორც კანონის და სახელმწიფოს ინტერესი მოითხოვს. მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ მოსამართლეების ამ ჯგუფმა, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, თინას მოუსმინოს. მე ბოლო ნაწილთან დაკავშირებითაც მეპარება ეჭვი - რაღაც უხეში გამოთქმები ძალიან ეადვილებათ ხოლმე. "რესპუბლიკელების" ხელწერასავით გახდა: "მოგიწოდებ, ეს ასე გააკეთო", თითქოს ოლიმპზე თუ ღრუბლების ზემოთ სხედან და ქვემოთ გვმოძღვრავენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოზიცია სწორია და სახელმწიფო სწორი გზით მიგვყავს", - განუცხადა ვოლსკიმ.