„ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლა და 200 000-კაციანი გამოსვლა ქუჩაში“, - სააკაშვილის ამ მოწოდებებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა აღნიშნეს, „ნაცმოძრაობისა“ და მისი ლიდერის მთავარი ამოცანა დესტრუქცია და ყველა გზით ხელისუფლების სათავეში მოსვლაა. მათივე თქმით, ამ პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობის თვალსაზრისით, მათ ამის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
„ჩვენი ამოცანაა, სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, სააკაშვილისა და მისი გუნდის ამოცანაა, როგორმე შეარყიოს ვითარება, დესტაბილიზაცია მოახდინოს, თავი დაიხსნას ობიექტური და სამართლიანი სასჯელისაგან და კვლავ დაბრუნდეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.