logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: მისასალმებელია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის რეკომენდაციათა ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით
- +

21 აპრილი. 2022. 13:27

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც 29 ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს.

 

სარჯველაძის თქმით, ანგარიშში იკვეთება გარდამავალ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების ტენდენციებისა და უკანასკნელ წლებში რუსეთის მიერ მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვების აგრესიული ქმედებების ურთიერთკავშირი, რაც რეგიონულ დონეზე გარდამავალ ქვეყნებში დესტაბილიზაციისა და ანტიდემოკრატიული პროცესების პროვოცირების საფრთხეებს წარმოშობს.

 

მისივე განცხადებით, აღნიშნულ საფრთხეებზე საქართველო წლებია, არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პლატფორმაზე საუბრობს.

 

„მსურს, გამოვეხმაურო „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. მნიშნელოვანია, აღინიშნოს, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ საფრთხეებზე, რაც რეგიონში რუსეთის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიას უკავშირდება და ადგილი აქვს 2008 წლიდან – საქართველოში შეჭრიდან დაწყებული, უკრაინაში საომარი მოქმედებებით გაგრძელებული. ანგარიშში იკვეთება გარდამავალ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის გაუარესების ტენდენციებისა და უკანასკნელ წლებში რუსეთის მიერ მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვების აგრესიული ქმედებების ურთიერთკავშირი, რაც წარმოშობს რეგიონულ დონეზე გარდამავალ ქვეყნებში დესტაბილიზაციისა და ანტიდემოკრატიული პროცესების პროვოცირების საფრთხეებს. აღნიშნულ საფრთხეებზე საქართველო წლებია, არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პლატფორმაზე საუბრობს და მისასალმებელია, რომ დღეს, ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების კონცენტრირებას ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ამასთან, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მისასალმებელია ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით, რაც ზემოთ ხსენებული საფრთხეების გათვალისწინებით, ძლიერი დემოკრატიის სახელმწიფოების მხრიდან მეტ პასუხისმგებლობას, მხარდაჭერას გულისხმობს.

 

მისივე განცხადებით, ანგარიშში ცალკეული საკითხების ნამდვილობა, ობიექტურობა კითხვის ნიშნებს აჩენს. სარჯველაძე ფიქრობს, რომ ამ კუთხით აუცილებელია კონსულტაციების გაგრძელება ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.

 

„მისასალმებელია ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის დაჩქარებასთან დაკავშირებით, რაც ზემოთ ხსენებული საფრთხეების გათვალისწინებით, მეტ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას გულისხმობს ძლიერი დემოკრატიის სახელმწიფოების მხრიდან.

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში არის ცალკეული საკითხები, რომელთა ნამდვილობა და ობიექტურობა კითხვის ნიშნებს აჩენს კვლევის მეთოდოლოგიის გაუმჭვირვალობის, ანალიზის წყაროებისა და დახურული შერჩევის პრინციპების გამო, რაც შეუძლებელს ხდის საკითხზე შემდგომი მსჯელობის პერსპექტიულობას. დიდ ნაწილზე, ამასთან დაკავშირებით, რაც ხარვეზებად არის მითითებული, მუშაობა მიმდინარეობს. ვფიქრობთ ამ კუთხით, ყველა შემთხვევაში აუცილებელია კონსულტაციების გაგრძელება ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან.

 

„ფრიდომ ჰაუსის“ რეიტინგებში ქვეყნების გრადაცია საკამათო და არადამაჯერებელია. მაგალითად, ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, ურუგვაი უფრო თავისუფალი დემოკრატიაა, ვიდრე ბელგია, შვეიცარია, ავსტრალია და გერმანია. ტუვალუ უსწრებს ჩეხეთს, სლოვაკეთს, ესპანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს. ვანუატუში, როგორც ირკვევა, უკეთესი დემოკრატია სუფევს, ვიდრე პოლონეთში, ბულგარეთში, ისრაელში ან უნგრეთში. ანგარიშში ერთი მნიშნელოვანი ფრაგმენტია, რომელიც ნამდვილად შეურაცხმყოფელი და ნებისმიერი ქართველისთვის დამამცირებელია. „ფრიდომ ჰაუსი“ თავის რეიტინგებში ნაწილობრივ თავისუფალი დემოკრატიის კატეგორიაში განიხილავს უნგრეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს გვერდით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს. ამ მართლაც რომ დესპოტურ რეჟიმს, რომელსაც მოკლული ჰყავს ათასობით უდანაშაულო მოქალაქე და გაძევებული ასი ათასობით ჩვენი თანამემამულე მშობლიური მიწა-წყლიდან, სადაც ყოველდღიურად უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით არავისთვის ეჭვი არ უნდა არსებობდეს, რაც რეალურად, უნდა წარმოადგენდეს ფრიდომ ჰაუსის ანგარიშებისთვის ძირითად სამიზნეს. წარმოჩენილი მონაცემებით „ფრიდომ ჰაუსი“ პრაქტიკულად ხდება ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის ერთგვარი დამკანონებელი რეჟიმის მოკავშირე და ოფიციალურად აცხადებს, რომ თურმე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ უფრო უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები, ვიდრე ნატო-ს წევრ თურქეთში და მაგალითად, ყაზახეთში. აფხაზეთი ამ ქვეყნების რეიტინგში რამდენიმე ათეული საფეხურითაც კი უსწრებს. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა, ვერ დარჩებოდა ჩვენი ყურადღების მიღმა და ამაზე რეაგირება ყველა შემთხვევაში აუცილებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner