logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე: ჰარმონიის გარეშე კაცობრიობა ვერ იცხოვრებს!
- +

ავტორი ია დანელია

21 აპრილი. 2022. 15:29

 

 

თავბრუდამხვევ წარმატებებზე, პიანისტისა და პოლიტიკის კარიერაზე, მუსიკაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებზე „რეპორტიორს“ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ესაუბრა:  

 

 

ყველაზე ბედნიერი წლები

 

ბავშვობა, ყველაზე ბედნიერი წლები,  როდესაც ადამიანი ყალიბდება ჩვევებით, ხასიათით, რაშიც, ლომის წვლილი მშობლებს მიუძღვით...

 

 გამიმართლა, არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა. მამა - პოეტი და „ნიანგის“ რედაქტორი -ზაურ ბოლქვაძე, დედა - მთარგმნელი, ჟურნალ „საუნჯეს“ მთავარი რედაქტორი - ნანა დარჩია. ჟურნალისტების წრეში გავიზარდე, ლაღების, ხალისიანების... ჩვენთან, ოჯახში იკრიბებოდა მთელი იმდროინდელი ქართული ინტელიგენცია: ტარიელ ჭანტურია, რომელმაც „მოცარტინა“ შემარქვა, ჯანსუღ ჩარკვიანი, რევაზ მიშველაძე, გურამ ფანჯიკიძე, რომელმაც განაცხადა: ეს ბავშვი მსოფლიოს აალაპარაკებსო. ძია გურამმა, რომელიც ჩემი დაბადების დღეების უცვლელი თმადა იყო, ჩემს მშობლებს გადასცა წერილი, რომელიც 17 წლისას უნდა გამეხსნა. მამას ერთ-ერთი გამორჩეული მეგობარი ბატონი ნუგზარ ფოფხაძე იყო, რომელიც დღემდე შვილად მთვლის დ ეს მეგობრობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ ჯუნა მიქატაძე, მუხრან მაჭავარიანი... არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის... ბავშვობიდან მქონდა ბედნიერება, ახლოს გამეცნო ქართველი მწერლების  60-იანელთა თაობა.

 

პასუხისმგებლობა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს

მამამ სახელი ელისო ვირსალაძის პატივსაცემად დამარქვა. ძალიან ადრე დავიწყე ჯერ სიმღერა, მერე - დაკვრა. 2 წლის, როდესაც ჯერ კიდევ ვერ ვლაპარაკობდი, ვმღეროდი და თან ძალიან სუფთად. დედას მუსიკალური განათლება ჰქონდა და მიხვდა, რომ ტალანტი მქონდა, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს. ჩემს მშობლებს რაიმე განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემი არ ჰქონიათ, ის მხოლოდ მე აღმომაჩნდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ არც მომღერალი გავხდი და არც მევიოლინე. მახსოვს, სახლში მხოლოდ პიანინო გვქონდა. როდესაც ჩემი, როგორც პიანისტის, პირველი წარმატებული პირველი ნაბიჯები გადავდგი და აუცილებელი გახდა როიალი მქონოდა,  მახსოვს, ნოდარ დუმბაძემ, ფაქტობრივად, „როიალისტების პარტია“ შექმნა, რომ ჩემთვის როიალი შეეძინათ.  საბჭოთა დროს როიალის მოპოვება გმირობის ტოლფასი იყო. ნოდარ დუმბაძემ ჩამოურეკა მინისტრთა საბჭოს თითქმის ყველა მინისტრს, რომლებსაც ეუბნებოდა: თქვენ რა მინისტრები ხართ, ხვალ შეიძლება მოგხსნან, ეს ბავშვი კი საქართველოს ასახელებსო. ბოლოს და ბოლოს ბატონი ნოდარ დუმბაძის დიდი და მიზანდასახული მუშაობის შემდეგ, პირდაპირ გამოფენიდან მომიხსნეს გერმანული როიალი „August forster“  და სახლში, როგორც სასწაული, მომიტანეს. მაშინ 13 წლის ვიყავი. მახსოვს, წლების შემდეგ, მისი გაჩუქება მინდოდა. დედაჩემი კინაღამ გაგიჟდა... ეს როიალი დღემდე მიდგას სახლში.

 

4 წლის ვიყავი, ძალიან პატარა იმისთვის, რომ ან პიანისტის ნიჭი შეემჩნიათ ჩემთვის, ან მომავალი პროფესიონალი დაენახათ, თუმცა, ოჯახის ფლეიტისტი ნათესავის, ძია ნოდარის თვალს არ გამოჰპარვია, როგორ მედგა კლავიშებზე ხელი და დედას ურჩია - მუსიკალურ ათწლედში შეიყვანეო. პირველი პედაგოგი ეკა მუხაძე იყო. ჩემი მუსიკალური მეხსიარება პირველ გირში მას იხსენებს. ქალბატონი ეკა ისეთი სითბოთი მანებივრებდა, რომ შემდგომში, რომელი პედაგოგისგანაც ამგვარ სითბოს ვერ ვგრძნობდი, მიჭირდა მასთან მუშაობა.  მალე, წელიწად-ნახევარში,  ჩემი მასწავლებელი გარდაიცვალა. მისი სიკვდილი  დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის. არ ვიცოდი, რატომ უნდა გამეგრძელებინა მეცადინეობა, როდესაც პედაგოგი გარდამეცვალა...

 

7 წლისამ, ჯემალ გოკიელის ხელმძღვანელობით, პირველი კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან  ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზში დავუკარი. მაშინდელ რეპერტუარში ჰაიდნის კონცერტი შედიოდა. 12 წლისას პირველი სოლო კონცერტი მქონდა, რომლისთვისაც დიდი ამბით ვემზადებოდი.  ეს იყო მთელი რიტუალი დიდი  ემოციებით... დედა და მამა ისეთი ამაყები იყვნენ ჩემი პირველი წარმატებით, ნიჭიერებითა და შესაძლებლობებით, რომ გადმოცემა გამიჭირდება. სწორედ ამ ასაკიდანვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გამომიმუშავდა, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ შენი თავის - სხვების მიმართაც, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს.

 

ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანებს, რომლებიც შენს ირგვლივ მუდმივად ტრიალებენ და შთაგაგონებენ, ღირებულებებს და ფასეულობებს გივითარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შვილი ვიყავი, დედა საკმაოდ მკაცრად მზრდიდა. ის ძალიან ორგანიზებული ქალი იყო და ჩემგან მაქსიმალურ დისციპლინას მოითხოვდა. ესმოდათ, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეს ქაოსურობას და უსისტემობას სრულებითაც არ ნიშნავდა. „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცია“, ჩემზე არ ჭრიდა, თუმცა, მეცადინეობა დიდად არასოდეს მყვარებია. სხვათა შორის, ახლაც ბევრი კომპონენტია საჭირო იმისთვის, რომ სამეცადინო განწყობა შემექმნეს: წყნარად და კარგ ხასიათზე უნდა ვიყო, საკუთარ თავზე კონცენტრირებული. პარლამენტარობის შემდეგ  ძალიან მიჭირს საკუთარ თავზე კონცენტრირება. პარიზში, „იამაჰას“ სტუდიაში ჩავიკეტები ხოლმე და ძალიან წყნარად ვმეცადინეობ. დარეკვა, ტელეფონი, მთელი ეს ცხოვრებისეული აურზაური იქ ხელს არ მიშლის. როდესაც მეცადინეობ, რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტილი ხარ. თუ  მილიონ რამეზე ერთად ფიქრობ, კონცენტრაციასაც კარგავ. მახსოვს, როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა ეზოში სირბილი და რეზინობანა. ბაბუა სულ აკონტროლებდა ჩემი მეცადინეობის გრაფიკს, რადგან დედა და მამა მუშაობდნენ და ძირითადად მთელ დღეს ბაბუასთან ვატარებდი. დეიდაჩემიც ჩართული იყო ჩემს აღზრდაში. მისთვის მე ვიყავი ამოსავალი წერტილი და ძალზე ახლო მეგობარი. 10 წლის რომ გავხდი, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ბაბუა გარდაიცვალა. მას შემდეგ მისი ასაკის ადამიანებისადმი განსაკუთრებული მოწიწება და თბილი გრძნობები გამოჩნდა.

 

... სკოლაში ვმეცადინეობდი, ისე როგორც ყველა ბავშვი. რომ გითხრათ, ფიზიკა-მათემატიკა მიყვარდა-მეთქი, ალბათ არ დაიჯერებთ, თუმცა, მეცადინეობა განსაკუთრებულ სირთულეს არასდროს წარმოადგენდა. შემდეგ მუსიკალურ ათწლედში გადავედი და სავალდებულო საგნებს მეორეხარისხოვანი ფუნქცია მიენიჭათ. რაც მახსოვს, ეს იყო სოლფეჯიოსა და ჰარმონიის, მუსლიტერატურის გაკვეთილები. ნათელა ტოგონიძე ჰარმონიის გამორჩეული პედაგოგი იყო, რომელმაც მუსიკალური ამოცანების მარტივად ამოხსნა მასწავლა. არც 4-ხმიანი კარნახის წერა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სირთულეს. ეს კარნახები ბავშვს კონცენტრაციის ძალიან მაღალი დონის უნარს უყალიბებს.

 

ათწლედის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში უნდა განმეგრძო, მაგრამ ბედად ბოტკინი დამემართა და დედაჩემმა აღარაფრით გამიშვა მოსკოვში. „დროებით“ დავრჩი თბილისში, სულ მეგონა, რომ დღე-დღეზე მოსკოვში უნდა გავფრენილიყავი... გიზი ამირეჯიბის სტუდენტი გავხდი. ნოდარ გაბუნიასთან, თემურ მათურელთან გავლილი მაქვს როგორც მასტერკლასები, ისე ფილოსოფიური საუბრები. ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, მაღალი შემოქმედებითი მუხტით. კონსერვატორიაში მალევე დამეწყო მცოცავი გრაფიკი. შერჩევით ვესწრებოდი ლექციებს... იყო სტუდენტობის უმშვენიერესი ხანა.

 

ბრძოლა-როგორც მოცემულობა

 

7 წლის შემდეგ ჩემი პირველი დიდი წარმატება ბახის კონკურსი იყო, რომელიც, მართალია დღემდე რთული კონკურსია ლაიფციგში, მაგრამ იმ წლებში, მთლად სასწაული იყო. 15 წლის ბავშვი ფსიქოლოგიურად იმდენად მომზადებული ვიყავი კონკურსისთვის, რომ დედაჩემს ვეუბნებოდი - შეიძლება, პირველი ადგილი ვერ დავიკავო, მაგრად ეს კონკურსი ძალიან გამზრდის-მეთქი. მართლაც ასე მოხდა. იყო 4-ხმიანი პრელუდიები, უზარმაზარი ტოკატა, ბახის ფუგები, პოლიფონიები, მოკლედ, დიდი ბრძოლა ინტელექტუალური მიმართულებით, სადაც ვერანაირი გარე ეფექტი ვერ გეხმარება... მე ჩემი პრემია მაინც ავიღე - ფინალში მოვხვდი. მაშინ ჯუნიორების კონკურსი არ არსებობდა და პიანისტებს 17 წლიდან შეეძლოთ საკონკურსო პროგრამის წარმოდგენა. მე კი 15 წლისა ვიყავი.  წლების შემდეგ ლაიფციგში საკონცერტო პროგრამით ჩავედი, მოვიარე ბავშვობისდროინდელი, ნაცნობი ადგილები, ვეწვიე ბახის საფლავს, ამ ქალაქმა  ხომ პირველი საერთაშორისო აღიარება მომიტანა...

 

1987 წელს ჩემი კარიერის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი  ვან კლიბერნის საერთაშორისო კონკურსი და მასში გამარჯვება იყო. ჩავედი ტეხასში, სადაც არაჩვეულებრივი პირობები დამხვდა. 20 წლის გოგონას გაშვება საბჭოთა კავშირიდან ასეთი მარტივი არ ყოფილა. კლიბერნის კონკურსი კაცების კონკურსია. და  5 ტურისგან შედგება გარდა ამისა ორკესტრთან ერთად დაკვრა, კვინტეტი... ამ კონკურსში ქალის გამარჯვებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. გაზეთები წერდნენ: ,,ეს არის განსაკუთრებული გოგონა საბჭოთა კავშირიდან“. ძირითადად ჩემი ბგერა, უფრო კი თანდაყოლილი ტექნიკა მოსწონდათ. ამ კონკურსის შემდეგ იაპონელი მენეჯერი ქალი კასუკო ქილიერი თბილისში ჩამოვიდა პირველი კონტრაქტიც მის კომპანიასთან, „ქილიერ ინტერნეიშენელთან“ დავდე, რომელმაც პირველი 3 წლის განმავლობაში ჩემი კონცერტების მთელი მენეჯმენტი უზრუნველყო. შემდეგ იყო კენედის ცენტრი, ლოს-ანჯელესის ტურნე... ერთ მშვენიერ დღეს კი ეს ყველაფერი დაიხურა! 1991-1992 წლებში საქართველო ჯერ სამოქალაქო ომში, შემდეგ კი საომარი მოქმედებების ქაოსში ჩაეფლო. ქვეყანა ჩაიკეტა. 15 კონცერტი ერთხელ გავაცდინე, 20 კონცერტი - მეორედ. ერთხელ ძლივს მოვახერხეთ თურქეთის საზღვრით ქვეყნიდან გაღწევა და მერე შემოსვლაზე დიდი პრობლემები შეგვექმნა.  ქვეყნიდან გაღწევა შეუძლებელი გახდა, ყველაფერი თავზე გვემხობოდა, ადამიანების მთავარი საზრუნავი კი თვითგადარჩენა გახდა. რამდენი ნიჭიერი ადამიანი შეეწირა ამ წლებს-თუ მორალურად, თუ ფიზიკურად, თუ მატერიალურად... მთელი თაობა დაიკარგა. მე უფრო იღბლიანი აღმოვჩნდი. ბავშვობიდანვე გამორჩეულმა ბრძოლისუნარიანობამ და ხასიათის სიმტკიცემ გადამარჩინა. ბრძოლა ჩემთვის მოცემულობა იყო, ნორმალური ფაქტია, რადგან სიცოცხლე ისედაც ყოველდღიური არსებობისთვის ბრძოლაა. ზოგი ამას აცნობიერებს, ზოგი-ვერა. როდესაც კონკურსებში პატარაობიდან იღებ მონაწილეობას, როდესაც შენზე ძლიერ კონკურენტს ხვდები, ბრძოლისუნარიანობა გიმუშავდება. თუმცა, არც ჩემი სამშობლოსთვის შავბნელი ეს წლები დამიკარგავს უქმად. ჯანსუღ კახიძესთან და ორკესტრთან ერთად მქონდა ჩაწერები. თბილისში  ჩამოვიდა „სონი კლასიკი“ და დავიწყეთ მუშაობა. თუმცა, ამ დროს ქვეყანაში მუშაობის არავითარი პირობა  არ არსებობდა: გაყინული დარბაზი, ჩამქრალი შუქი... „სონი კლასიკი“ გააოცა ასეთი მუსიკალური პოტენციალის ქვეყნის აღმოჩენამ.  რომ არა ჯანო კახიძე, მისი გამორჩეული ნიჭიერება და პროფესიონალიზმი, რასაკვირველია, ეს პროექტი არ შედგებოდა. დღესაც არსებობს ,,სონი კლასიკის“ მუსიკალური ჩანაწერები, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანი იყო  ჩვენი ქვეყნის კულტურული განვითარებისთვის.

 

ამ წლებშივე დავიწყე მარგარიტა ლონგის კონკურსისთვის მზადება. საფრანგეთში ცნობილი კონკურსია, რომელიც ასევე ცნობილი პიანისტი ქალის სახელს ატარებს. ვეღარც კი წარმოვიდგენდი, რომ კონკურსში მონაწილეობა კიდევ მომიწევდა, მაგრამ ეს კონკურსიც აუცილებლობამ განაპირობა. იმის გამო, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნიდან ვერ გავედი, კიდევ ერთხელ მომიხდა ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება. თითქოს ბოლო შანსი მეძლეოდა. საკონკურსო პრემიის აღება ჩემთვის აღარაფერს ნიშნავდა. მინდოდა გრძელვადიანი მეგობრობა ევროპასთან, ერთგვარი შემოქმედებითი ფანჯრის გაჭრა. 1995 წელია, ჯერ კიდევ რთული სიტუაციაა საქართველოში, ამიტომაც ამ კონკურსს, როგორც ხსნას, ისე ველოდებოდი... მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ ქსოვს: ერთი მხრიდან თვითონ, მეორე მხრიდან-განგება ეხმარება. როცა მიზნისკენ მთელი არსებით მიისწრაფვი, გზა აუცილებლად გამოჩნდება, ამის ძალიან მწამს...

 

კონკურსის შემდეგ ბევრი შემოთავაზება მქონდა. ერთ-ერთი ასეთი შემოთავაზება მიშელ სონისგან მივიღე. საოცარი ადამიანია, პიანისტი, პედაგოგი, მეთოდოლოგი, მუსიკათმცოდნე და ფილოსოფოსი, მრავალმხრივ განათლებული ადამიანი. მიშელ სონმა კონცერტების სერიაში ჩამსვა და ავსტრიაში დამპატიჟა. მახსოვს, სულ ვიზის პრობლემა მქონდა. პარიზშიც იმიტომ ვერ დავრჩი, რომ ვიზა არ მქონდა, დღესაც ნურავინ იფიქრებს, რომ საფრანგეთში სამუშაო ვიზით დარჩენა ადვილია, იმ წლებში დოკუმენტების მოგვარება ძალზე ძნელი ამბავი იყო. ბატონმა სონიმ, რომელსაც მე მაესტრო მიშელს ვუწოდებ, არა მხოლოდ მე, უამრავ მუსიკოსს, მათ შორის ქართველი პიანისტების მთელ თაობას, პროფესიაში წარმატების კარი გაუღო. მას აქვს ფენომენური საფორტეპიანო მეთოდიკა, რომელიც 2 მიმართულებას მოიცავს. ის ახალგაზრდა მუსიკოსებს ასწავლის, როგორ უნდა განივითარონ ტექნიკა. მიშელ სონმა აღმოჩინა, რომ პიანისტს შეიძლება განუვითარო ვირტუოზული ნიჭიც. ფერენც ლისტმა მსოფლიოში საფორტეპიანო ხელოვნება სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. იქამდე ფორტეპიანო მხოლოდ აკომპანემენტის ფუნქციას ასრულებდა. კონცერტებისას ინსტრუმენტი კლავესინის დონის საკრავს წარმოადგენდა და ადგილიც სადღაც სცენის კუთხეში ჰქონდა მიჩენილი. როიალის შუა დარბაზში გამოტანაც ლისტის დამსახურებაა.  მიშელ სონიც ლისტის მიმდევარია, მისი ახალი მეთოდიკა სწორედ ლისტის თეორიას ეფუძნება, სავარჯიშოებს ეფუძნება, რომელიც მუსიკოსს საკუთარ თავზე კონტროლს უწესებს.  მორე მიმართულება- ბგერაზე მუშაობაა. იმდენად ტექნიკაზე არა, თუმცა ბგერაზე მუშაობა დამჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის „მრგვალი“ და თბილი ბგერა მქონდა და ინსტრუმენტზე გავეშებით არასდროს ვუტყაპუნებდი, სონის სკოლა ჩემთვის მაინც აღმოჩნა იყო. ინსტრუმენტი დასარტყამი საკრავი არაა, ეს არის ის სულიერება, რომელიც უნდა გააფორმო და მსმენელამდე მიიტანო.

 

 რაღა ბევრი გავაგრძელო, ავსტრიაში სტიპენდიანტად ამიყვანეს, სადაც ერთადერთი საქმე მქონდა- ჩემ თავზე მემუშავა. ავსტრიაში დიდი შინაგანი და სულიერ-იდეოლოგიური ზრდა განვიცადე. სწორედ ამ დროს ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მამა გარდამეცვალა, დედა ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა, საქართველოში ვერ დავრჩებოდი. ჩემი შანსი უნდა გამომეყენებინა და ავსტრიაში წავსულიყავი.

 

...და წავედი. დაკვრის გარდა, სხვა საზრუნავი არ მქონდა. ვცხოვრობდი ტიროლში, არაჩვეულებრივ ვილა შინდლერში, სადაც ჰარმონიაზე, ბუნებასთან შერწყმული მხოლოდ მუსიკასა და ფილოსოფიაზე დაფუძნებული ცხოვრების წესი მქონდა. გავიდა 3 წელი და მე სრულიად სხვა განზომილებაში აღმოვჩნდი. ავსტრიიდან საფრანგეთს მივაშურე. მზად ვიყავი ახალი საკონცერტო ცხოვრების დასაწყებად. ჯერ ჟენევაში დავრჩი ცოტა ხანს, შემდეგ კი პარიზში დავმკვიდრდი. თუ ვილა შინდლერში, მუსიკის გარდა, არფერი მეხებოდა, პარიზში ცხოვრებასთან პირისპირ აღმოვჩნდი. უზარმაზარ ქალაქში ცხოვრება შემეცვალა. არც მეცადინეობისთვის მრჩებოდა იმდენი დრო. ბევრ რამეზე უნდა მეზრუნა. პარიზში ცხოვრება ძალიან ძნელია, თუმცა- საინტერესო. საოცრად ღია ქალაქია, უამრავ საერთაშორისო მნიშვნელობის ადამიანს ხვდები, ცხოვრებასაც სხვა თვალით უყურებ. ჩემი მეგობრების ძირითადი წრე უკვე ფრანგული იყო, თუმცა ქართველი მეგობრებიც არ დამიკარგავს. მართალია მეგობრებთნ ერთად გასატარებელი ბევრი დრო არასდროს მქონია, თუმცა მყავს ძალიან საყვარელი ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, შეიძლება მათთვის ხშირად ვერ ვიცლიდე. არა მგონია მეგობრობისთვის მეგობრებთან გატარებული დროის ხანგრძლივობას ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა. მეგობართან იდეური კვეთა უნდა გქონდეს, ასუ ფრო საინტერესოა ურთიერთობა.

 

პოლიტიკაში

 

 

2015 წელს იუნესკოს არტისტი - იუნესკოს მშვიდობის ელჩი გავხდი. ეს ძალიან პრესტიჟული ტიტულია და მეამაყება, რომ საქართველოდან წარდგენილი ერთ-ერთ პირველი არტისტობა წილად მე მერგო. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ გარდა მუსიკისა, კიდევ სხვა კუთხითაც შეიძლება მნიშვნელოვანი ვყოფილიყავი საზოგადოებისთვის. მაშინ მივხვდი, რომ კიდევ ბევრი რამ შემეძლო გამეკეთებინა ადამიანებისთვის. იუნესკოს ელჩის სტატუსი გავალდებულებს იფიქრო იმაზე, რა სარგებელი შეგიძლია მოუტნო კაცობრიობას. ძირითადი ორიენტირი სამშვიდობო თემაა, როგორ შეიძლება კონფლიქტურ ზონებში განმუხტო სიტუაცია შენი მოღვაწეობით: კონცერტით, მასტერკლასით ან ლექციების კურსით, რომლებიც მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირდაპირ ფრონტის ხაზზე ატარებ კონცერტებს.  რაც შეგიძლია ყველაფერი უნდა გააკეთო მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად, რადგან ჰარმონიის გარეშე კაცობრიობა ვერ იცხოვრებს. როდესაც ომი იწყება, იქ არ შეიძლება არსებობდეს ,,მოგებული“ მხარე, ამ დროს გამარჯვებული არავინაა... მე და ანჯელინა ჯოლის, მშვიდობის ელჩის სტატუსით, გვქონდა არაჩვეულებრივი კონცერტი ჟენევაში, სადაც მე ვუკრავდი, ის კი მედიატორი იყო. ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, რომელსაც ცნობილი დიპლომატი, ბრაზილიელი სერჯიო ვიერა დე მელო საშინელი წამების შემდეგ შეეწირა ბაღდადში.

 

ადამიანს ხშირად არ აქვს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება, თუმცა, თუ შეგიძლია მრავალმხრივ გამოიყენო საკუთარი უნარი, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა. შესაძლებელია ადამიანმა არა მხოლოდ ერთ პროფესიაში დაინახოს თავისი თავი. პიანისტი რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად ჟურნალისტი ვიქნებოდი ან ექიმი...  პიანისტს იშვიათად აქვს საზოგადოებასთან კავშირი. შენს პროფესიასთან მარტო ხარ, ზიხარ, მეცადინეობ...საზოგადოებასთან ახლოს არასოდეს ვყოფილვარ.  გამოვდიოდი სცენაზე, მთელმა ჩემმა ცხოვრებამ სცენაზე გაიარა. წლებთან ერთად მივხვდი, რომ საზოგადოებისთვის მეტი სარგებლის მოტანაც შემეძლო. ახლა, როდესაც დღეში უამრავ ადამიანს ვხვდები და მათი პრობლემების გადაჭრით ვარ დაკავებული, ახლობლები მეკითხებიან: რ ამბავია, რას მუშაობ ამდენს, ვინ დაგიფასებს? ჯერ ერთი, მე დაფასებისთვის არასოდეს მიმუშავია. კულტურის ახლადშექმნილი კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, რეფორმებს ვნერგავთ. ღირებულებების ღერძს განვსაზღვრავთ ქართული საზოგადოებისთვის. ამაზე უფრო ღირებული რა უნდა გავაკეთო? კანონები შენს საზოგადოებას და მის ფასეულობებს უნდა მოარგო, ეს კი ძალიან საინტერესოა.

 

 

პოლიტიკოსი „შემწყალე“ ვერ იქნება...

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრობა ირაკლი კობახიძემ შემომთავაზა. ჯერ კიდევ პარიზში ვცხოვრობდი, როდესაც ირაკლიმ მთხოვა საქართველოში გადმოვსულიყავი და კულტურული მიმართულებით ფიქრი დამეწყო. „ქართული ოცნების“ წევრი არა, თუმცა 2012 წლიდან პარტიის გამოხატული მომხრე ვიყავი. პარტიისადმი სიმპათია ბიძინა ივანიშვილს სახელს უკავშირდება. ის 2016 წელ გავიცანი. ძალიან ცოტა ადამიანმა დატოვა ჩემს გონებაში იმგვარი კვალი, როგორც ბატონმა ბიძინამ. ის განსაკუთრებული ადამიანია,  ცალკე აღებული არც მხოლოდ პოლიტიკოსია, არც-მხოლოდ ბიზნესმენი. ბიძინა ივანიშვილზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგა შორს, მინიმუმ 50 წლით,  უსწრებს თავისსავე ეპოქას. ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის შანსი იყო.

 

ასე გავხდი საქართველოს პარლამენტის წევრი 2020 წელს, შემდეგ კი-კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე. მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა  საკმაოდ ბევრი გააკეთა საქართველოში კულტურის მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულებით. ახლა სახელოვნებო განათლების რეფორმაზე ვმუშაობთ. 15 წლის განმავლობაში დანგრეული სისტემამ კულტურის სამინისტროსთან ერთად,  ვცდილობთ ფეხზე დავაყენოთ.  ეს არა მხოლოდ პარტიული, არამედ ჩემი ქვეყნის ინტერესია. საპარლმენტო ცხოვრებამ, ამ მომენტისთვის, ძირითადად შთანთქა პიანისტი ელისო ბოლქვაძე, თუმცა ვცდილობ დავიტოვო ცალკეული კონცერტები. არ ვაპირებ სულ მოვწყდე ფორტეპიანოს და თავი პოლიტიკას მივუძღვნა, პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ მასში ჩემი სახელოვნებო პროფესიონალიზმი მოვიტანო.

 

 მას შემდეგ, რაც პარლამენტში აღმოვჩნდი მივხვდი, რომ პოლიტიკა ინტერესების სფეროა. ,,ბინძურია“ ის თუ ,,სუფთა“, ადამიანთა ცხოვრების ნაწილია და მას ადამიანები ქმნიან. თუ პოლიტიკას ,,ბინძური ადამიანები“ აკეთებენ, ეს მათი და შემდეგ საზოგადოების პრობლემა ხდება. პოლიტიკა პრაგმატიზმზე აღმოცენებული თეორიაა, რომელსაც ზოგი- კარგად, ზოგი-ცუდად და ზოგიც საერთოდ ვერ ახორციელებს. პოლიტიკოსი ვერ იქნება „შემწყალე“, მას თავისი პოლიტიკური ხაზი აქვს გასატარებელი, მისთვის მთავარი საკუთარი პოლიტიკური ამოცანების შესრულებაა. ის სულ საჭირო და მოთხოვნადი უნდა იყოს, ჰქონდეს ახალ-ახალი, პრაგმატული იდეები. საკმაოდ რთული პროფესიაა, იდეოლოგიის განმსაზღვრელი სფერო, რომლიც, ამავდროულად, ძალიან საინტერესოა.

 

ესაუბრა ია დანელია

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner