logo_geo
eng_logo
რუსეთის ელჩი მოლდოვის საგარეო უწყებაში გამოიძახეს
- +

21 აპრილი. 2022. 16:11

 

 

მოლდოვის პრეზიდენტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების გამო, რუსეთის ელჩი მოლდოვის საგარეო უწყებაში გამოიძახეს.

 

მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დანიელ ვოდესმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვას განცხადებაში მოლდოვის პრეზიდენტის მიმართ არაკონსტრუქციული და მიუღებელი რიტორიკა იყო.

 

დანიელ ვოდესის განცხადებით, რუს დიპლომატს მოლდოვის საგარეო უწყებაში განუმარტეს, რომ მოლდოვის პარლამენტის მიერ გეორგიევსკის ლენტის აკრძალვა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადება კი „ინტერპრეტაციის ადგილს არ ტოვებს“.

 

19 აპრილს, მაია სანდუმ ხელი მოაწერა მოლდოვის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც „Z“, „V“ და გეორგიევსკის ლენტის სიმბოლოების აკრძალვას ითვალისწინებს.

 

„ომს და მის სიმბოლოებს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ „არა“ და გამოვრიცხოთ მისი გამოყენება ჩვენს საზოგადოებაში. ასეთი სიმბოლოების ადგილი ისტორიის ნაგავსაყრელზეა, განადგურებისა და სიკვდილის სხვა ბარბაროსული სიმბოლოების გვერდით. ეს გადაწყვეტილება არის ვალი ამ ომის ყველა მსხვერპლისა და ამ საშინელებებს გადარჩენილთა წინაშე“, – განაცხადა სანდუმ.

 

ზახაროვამ ამ გადაწყვეტილების გამო აღშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ „ვინც თავს აძლევს ასეთი სიტყვების თქმის უფლებას სიმბოლოზე, რომლისთვისაც ადამიანებმა სიცოცხლე გასწირეს, რათა სხვებს ეცხოვრათ, თავად აღმოჩნდებიან ისტორიის ნაგავსაყრელზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner