logo_geo
eng_logo
აშშ თავის პორტებში რუსეთთან დაკავშირებული გემების შესვლას კრძალავს
- +

21 აპრილი. 2022. 18:58

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთთან დაკავშირებული გემებისთვის ამერიკული პორტების დახურვის შესახებ განაცხადა.

 

როგორც ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აშშ და დასავლელი მოკავშირეები აგრძელებენ რუსეთზე ზეწოლას და მის საერთაშორისი იზოლაციას.

 

„დღეს ვაცხადებ, რომ აშშ კრძალავს რუსეთთან დაკავშირებული ხომალდების შესვლას ჩვენს პორტებში. როგორც გააკეთეს ევროპაში. რუსული დროშის ქვეშ მცურავი ან რუსული კომპანიის კუთვნილი ვერც ერთი გემი ვერ შევა ამერიკის შეერთებული შტატების პორტების ნავსადგურში და არ ექნება წვდომა ჩვენს სანაპიროსთან. ეს არის კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ ევროპელი პარტნიორებთან ევროკავშირში, დიდი ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად, რათა რუსეთს არ მივცეთ წვდომა საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის სიკეთეებზე, რომლებითაც წარსულში სარგებლობდა“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს ბრძოლის ველზე.

 

„ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, თუმცა, როდესაც ვუახლოვდებით ომის დაწყებიდან ორი თვის ნიშნულს, ეს არის, რაც ჩვენ ვიცით – პუტინმა ვერ მიაღწია თავის დიდ მიზნებს ბრძოლის ველზე; მრავალკვირიანი დაბომბვების შედეგად კიევი კვლავ დგას; პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა კვლავ ხელისუფლებაში რჩება, ხოლო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებსაც შეუერთდა მრავალი მამაცი უკრაინელი მოქალაქე, ჩაშალეს რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობა. პირველი დღიდან მათ აძლიერებდათ იარაღის, აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკის, სადაზვერვო ინფორმაციის მუდმივი მიწოდება თავისუფალი მსოფლიოს ქვეყნების მხრიდან, ჩვენი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner