აშშ-ის ხაზინის მდივანი, ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ ევროპის მიერ რუსული ენერგეტიკის აკრძალვამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება მოიტანოს, ვიდრე სარგებელი.
ჯანეტ იელენის თქმით, ევროკავშირისთვის აუცილებელია შეამციროს თავისი დამოკიდებულება რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის იმპორტზე, თუმცა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე ტოტალურმა ემბარგომ შეიძლება ცოტათი შეაფერხოს რუსეთის ეკონომიკა, ხოლო ევროპას კი ფასების მკვეთრი ზრდით დააზარალებს.
„რაც შეეხება ენერგეტიკას, ევროპას აშკარად სჭირდება რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, როდესაც, მაგალითად, ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვაზე ვფიქრობთ“, - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
ჯანეტ იელენის თქმით, რუსული ენერგიის იმპორტზე უარის თქმით, ევროპის ქვეყნები, სავარაუდოდ, ბევრად მეტს გადაიხდიან სხვა ქვეყნებიდან იმპორტისთვის, ხოლო რუსეთი მცირე რაოდენობით ენერგომატარებლებს მეგობარ ან ნეიტრალურ ქვეყნებში გაცილებით მაღალ ფასად გაყიდის.
„ეს აშკარად გაზრდის ნავთობის გლობალურ ფასებს, საზიანო ზეგავლენას მოახდენს ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებზე და, პირიქით, შეიძლება რეალურად ძალიან მცირე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს რუსეთზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ექსპორტზე ნაკლები შეიძლება გაიტანოს, ფასი, რომელსაც იგი ექსპორტისთვის მიიღებს, გაიზრდება“, - განაცხადა მან.