„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არჩევნებით ვერ მოდის, მათი მოსაწონი არჩევნები ჯერ არ შექმნილა, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმომადგენლებს ერთადერთი გზა აქვთ - როგორმე, ძალისმიერი მეთოდებით ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.
„ის, რაც მე ცუდ სიზმარში არ მინახავს - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, შეიარაღებული ამბოხის გზით... უნდოდათ, ადამიანებისთვის დაებრალებინათ ის, რაც არასდროს გაუფიქრებიათ. დღეს მე ვხედავ, რომ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში პირდაპირ მოწოდებებს აკეთებს სახელმწიფო გადატრიალებაზე. წლები გადის და თავს დამნაშავედ ვგრძნობ ჩემი შვილების წინაშე, რომ მათ დაინახეს დედა ბორკილდადებული. როდესაც 11 წლის შვილთან ერთად გძინავს, ავტომატის ლულა განათებს და ვერ ხვდები, რა ხდება“, - ასე გაიხსენა მაია ნიკოლეიშვილმა, წინა ხელისუფლების დროს, საკუთარი დაკავება.
მისი თქმით, იძულებული იყო, ე.წ. აღიარებით ჩვენებაზე მოეწერა ხელი, რადგან არაღიარებით ოჯახს საფრთხე შეექმნებოდა.
„როდესაც იცი, სად ხარ და ვისთან ხარ, რა შეიძლება მოყვეს ამას და რისი გამკეთებლები არიან... მე იძულებული გავხდი მეღიარებინა ის, რაც დაწერილი იყო. ეს იყო 37 წელი, ძალიან კარგად ვიცოდი, რა მოჰყვებოდა იმას, რომ აღიარება შემომთავაზეს და არ მეღიარებინა. ხელისუფლება რომ შეიცვალა, პროკურატურას მივმართე, რომ ეს აღიარება მიღებული იყო ზეწოლით. ამის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მე და ის ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ, დაზარალებულებად გვცნო“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.