logo_geo
eng_logo
დავით ფურცხვანიძე: დიდი ალბათობით, „სოკარი“ მაინც ვერ მოახერხებს დამატებითი მოცულობის გაზის მოწოდებას
- +

8 მარტი. 2016. 13:28



უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფურცხვანიძე საქართველოსა და „სოკარს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღებაზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, შესაძლოა, „სოკარმა" აღებული ვალდებულება ვერ შეასრულოს. ამის შესახებ ფურცხვანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კვლავ „გაზპრომთან" მოუწევს მოლაპარაკება, თუმცა, ფორსმაჟორულ ვითარებაში, „გაზპრომი" დათმობებზე არ წავა და ქართულ მხარეს თავის მოთხოვნებს წაუყენებს, რაც ჩვენთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა.

 

„ორიოდე თვის წინ „სოკარს" არ ჰქონდა გაზის მეტი მოცულობით მოწოდების საშუალება. ასევე საუბრობდნენ ტექნიკურ ხარვეზებზე. რა შეიცვალა ახლა? თვისობრივად არაფერი. უბრალოდ მოხდა გარკვეული პოლიტიკური აქცენტების გადალაგება. ამან გამოიწვია ის, რომ „სოკარი" აღმოჩნდა წნეხის ქვეშ და სხვა გამოსავალი არ დარჩა. საქმე ისაა, რომ დიდი ალბათობით, „სოკარი" მაინც ვერ მოახერხებს ამ მოცულობის გაზის მოწოდებას და შეიძლება შექიმნას ე.წ. ფორსმაჟორული სიტუაცია. ამ შემთხვევაში, „გაზპრომი" ალბათ უკვე სხვა პირობებს დაგვიყენებს. რადგან ალტერნატიული მომწოდებელი ირანის სახით, ჯერ ვერ იქნება ტექნიკურად მზად, რომ შეავსოს ეს დეფიციტი. აქედან გამომდინარე, „სოკარს" შეექმნება ისეთი პირობები, როდესაც იძულებული გახდება, თავისი პროექტები, გარკვეულ ნაწილში, გადასინჯოს. არადა, ამ დროს, „სოკარი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორი საქართველოში", - განაცხადა ფურცხვანიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner