logo_geo
eng_logo
ჩვენ ერთად შევქმნით XXI საუკუნის საქართველოს დიდგორის ლაშქარს!
- +

11 აგვისტო. 2016. 16:48


გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" 12 აგვისტოს ნომერში გამოსაქვეყნებლად აანონსებს  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის" მუშაობის პირველი შედეგებს, შემდეგი სათაურით:


„ჩვენ ერთად შევქმნით XXI საუკუნის საქართველოს დიდგორის ლაშქარს!"


გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:


...ჩვენთვის უპირველეს კრიტერიუმთა შორისაა რეპუტაცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ქართული ცნობიერება შერწყმული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებთან;


ჩვენ სამარცხვინოდ ვთვლით დღემდე დამკვიდრებულ ასაკობრივ გრადაციას და ვამბობთ ქართულად: ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი.

 

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პარტიიდან პარტიაში მორბენალ მედროვეებზე, ყველას და ყველაფერს რომ ერგებიან, მრავალპარტიელებზე;


ჩვენ უნდა დავაფასოთ  გამოცდილი ადამიანები. ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები, ზვიად გამსახურდიას  გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტშიც, ასლან აბაშიძესთან, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ ხელისუფლებაშიც.


ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო არენაზე გამოსვლა. მაგრამ რამდენიმე პირობით, მხოლოდ ისინი, ვინც: 


  • ხელისუფლებასი ყოფნის დროს სახე შეინარჩუნა, გაუძლო ცდუნებას;
  • არ გაბოროტდა ოპოზიციაში ყოფნის დროს;
  • სწამს და სჯერა, რომ არ შეიძლება პოლიტიკის ბიზნესად ქცევა და ხელისუფლებაში ბიზნესინტერესებით ყოფნა;


დღესაც აქვს დიდ და კეთილ საქმეთა კეთების რესურსი.


ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ საქართველოს პარლამენტში, ზოგადად ხელისუფლებაში წარმომადგენლები ჰყავდეს არა მარტო საქართველოს რეგიონებს, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებში  ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობით, საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად გადახვეწილ საქართველოს მოქალაქე თანამემამულეებს - ისე, როგორც ეს ხდება ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში.


დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება ამ ადამიანების გამოცდილება. ქვეყანაც გამთლიანდება მათი პარლამენტში ყოფნით და წარმოუდგენლად გაიზრდება ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. ქვეყნის გარეთ მცხოვრებ 2 მილიონზე მეტი ადამიანის სახელით უნდა შევძლოთ ისეთი ადამიანების პოლიტიკურ არენაზე გამოყვანა, რომელთაც:


  • კარგი კონტაქტები აქვთ იმ ქვეყნის სახელისუფლებო წრეებთან;
  • დიდი ავტორიტეტი აქვთ ქართულ დიასპორაში;
  • კარგი რეპუტაციით სარგებლობენ ადგილობრივ მოსახლეობაში.

დღევანდელ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცნობიერებული ექნება უპირველესი და უმთავრესი:


ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს!

 

და ეს არ ნიშნავს ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის იყო ნაზიარები პლანეტარულთან. ასე იყო და ასე იქნება, თუ ავირჩევთ არა ლაპარაკით, არამედ აზროვნებით ქართული ცნობიერების ადამიანებს, თუ უარს ვეტყვით არაპატრიოტებსაც და გლობალისტებსაც.

 

12 აგვისტოს, დიდ ქართულ დღეს - დიდგორობის დღეს, ვაქვეყნებთ ჩვენი კონგრესის მიერ  მიღებულ საპროგრამო დოკუმენტსაც და პირველ გვარებსაც, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ძირითადად კარგი განწყობაა. ამ პროცესს ხალხთან, მოღვაწეებთან, მეცნიერებთან ერთად გავაცოცხლებთ და ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ ერთად შევქმნით XXI  საუკუნის საქართველოს დიდგორის ლაშქარს!

 

საქართველოს პარლამენტშიც სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ და სწორედ ასეთი პარლამენტი  იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტი.

 

                          მეცნიერთა საინიცივატიო ჯგუფი „ეროვნული  თანხმობის პარლამენტისთვის"

10 აგვისტო, 2016 წელი 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner