პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ არც პოლიტიკური, არც ინტელექტუალური და არც მორალური რესურსი არ დარჩა, იყოს დემოკრატიული ოპოზიცია - გამომდინარე აქედან, ბოლშევიკურ მეთოდებს მიმართავენ“, - ასე ხსნის „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებას პარლამენტიდან შესაძლო გასვლის შესახებ.
ქადაგიშვილის თქმით, „მათი ქმედებების მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულია“.
„ბოლო რამდენიმე წელია “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, კონსტიტუციას, დემოკრატიას აცდენილია. მათი ქმედება თავიდან ბოლომდე დამყარებულია პროვოკაციაზე - მიხეილ სააკაშვილის საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოპარვით დაწყებული, დასრულებული იმით, რაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოაწყვეს, რასაც ახლა აყენებენ და რასაც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ღვარძლს, ბოროტებასა და ტყუილს თესავენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაურმა არ გამორიცხა, რომ პარტიამ პირველ ეტაპზე, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი - საერთოდ დატოვოს. როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხების ფონზე ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა. შესაბამისად, წიკლაური დარწმუნებულია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართება დისკუსია „რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა“.