ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ NATO-ს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის მის ქვეყანაში, მეტი ჯარისკაცი გაგზავნოს.
მედიის ინფორმაციით, გიტანას ნაუსედამ აღნიშნული საკითხი ვილნიუსში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბაერბოკთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
გიტანას ნაუსედამ და ანალენა ბაერბოკმა ასევე განიხილეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, უკრაინის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
„დონბასის რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევის დაწყების ფონზე, უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და ეფექტური მიწოდება შეიძლება ამ ომში გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს. ყოყმანის დრო აღარ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად და სწრაფად“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
მისი თქმით, სურს NATO-ს ყოფნის გაძლიერება „სუვალკის დერეფანში“, რომელიც მდებარეობს ლიეტუვა-პოლონეთის საზღვარზე და ბელარუსს რუსეთის კალინინგრადის ანკლავთან აკავშირებს.