გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთის საელჩო კიევში ძალიან მალე განაახლებს მუშაობას.
„პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი სიმტკიცე და წარმატება კიევში რუსული ძალების წინააღმდეგობის გაწევაში ნიშნავს, რომ დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან მალე, მომავალ კვირას, ხელახლა გავხსნით ჩვენს საელჩოს უკრაინის დედაქალაქში“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა ინდოეთში, ნიუ-დელიში პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები პასიურად არ მიადევნებენ თვალს, როგორ ახორციელებს პუტინი ამ თავდასხმას“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, კიევში საელჩოს ხელახლა გახსნა ბრიტანეთის გარდა რამდენიმე სხვა ქვეყანამაც დააანონსა, მათ შორის საფრანგეთმა და ესპანეთმა.