პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. მან სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლეში საუბარი იყო უკრაინის შესახებაც და მნიშვნელოვანია, უკრაინის მიწაზე რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ.
„ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს; ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ; ასევე ვულოცავ მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროს და განსაკუთრებით, უკრაინელ ხალხს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მშვიდობას.
ჩვენ დღეს პატრიარქის ეპისტოლეში მოვისმინეთ მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვები და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, დღეს და ამ აღდგომას ყველა განსაკუთრებით ვფიქრობდეთ უკრაინელ ხალხზე; ვფიქრობდეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინის მიწაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.