უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ომის შესახებ ბოლო ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან აგრესიას აგრძელებს. განახლებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ მტერი აღმოსავლეთით მიიწევს.
„მტერი აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში გაერთიანებული ძალების დასამარცხებლად, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დასამყარებლად და დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ სახმელეთო მარშრუტის უზრუნველსაყოფად მიიწევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, რუსული ძალები შეტევას აგრძელებენ, თუმცა ზოგიერთ რეგიონში მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, მათ შორის ხარკოვის რეგიონში, სადაც რუსული ძალები შეტევების განხორციელებას ცდილობდნენ.
რაც შეეხება მარიუპოლს, გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის მიმართულებით სროლას აგრძელებენ.
„მარიუპოლის მიმართულებით „აზოვსტალის" მიდამოებში რუსი დამპყრობლები სროლას აგრძელებენ. მტერმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გარკვეულ ობიექტებს საჰაერო დარტყმები მიაყენა“, - ნათქვამია გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.