უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, უკრაინაში რუსული საოკუპაციო არმიის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 3 818 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
ვენედიქტოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურის მონაცემები არ არის საბოლოო. სტატისტიკა არ ითვალისწინებს დაღუპულთა რაოდენობას დონეცკის ოლქში, მარიუპოლსა და კიევის რეგიონის დასახლებებში, სადაც პროკურატურა ჯერ ვერ შედის.
„ჩვენი მონაცემები რეალობას მთლად არ შეესაბამება. დღეს, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თითოეული რაიონული პროკურატურა გვაწვდის, გვყავს 3 818 გარდაცვლილი, 4 000-ზე მეტი კი დაშავდა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
25 აპრილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 215 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 391 - დაშავდა.