საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერაა რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს ან საჯარიმო ტარიფის დაწესებისთვის.
„ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, რუსული ნავთობისა და გაზისთვის ემბარგოს დაწესებაზე ევროკავშირი მომდევნო სამიტზე, მაისის ბოლოს იმსჯელებს.